27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
მსოფლიო ირანელი ფეხბურთელებისგან გმირობას ელის - შეასრულებენ თუ არა ისინი ეროვნულ ჰიმნს შტატებთან თამაშის წინ

შეასრულებს თუ არა დღეს ირანის საფეხბურთო ნაკრები შეერთებულ შტატებთან თამაშის დროს ეროვნულ ჰიმნს - მატჩს დღეს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ირანის მთავრობა დააკვირდება.

დასავლური პრესა წერს, რომ ფეხბურთელების ოჯახის წევრებს, წამებითა და პატიმრობით ემუქრებიან. სპორტსმენები სოლიდარობას უცხადებენ ირანელ ქალებს, აპროტესტებენ რეპრესიებს, მკვლელობებს და სწორედ ამ სოლიდარობის გამო, ინგლისის ნაკრებთან თამაშის დაწყების წინ, ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ შანტაჟისა და მუქარის შედეგად, ირანელი სპორტსმენებს მოუწიათ უელსთან თამაშის დროს ეროვნული ჰიმნი შეესრულებინათ.

ირანისა და შეერთებული შტატების ნაკრებების თამაშის წინ ამერიკელმა ფეხბურთელებმა ირანელ მოთამაშეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. შტატების ფეხბურთის ფედერაციამ, თამაშის ანონსი სოციალურ ქსელში, ირანის დროშაზე ემბლემის გარეშე გამოაქვეყნა. ემბლემა რელიგიურ და პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და მისი მოხსნის გამო, ირანი ფიფასგან მოითხოვს, შტატების ფეხბურთის ფედერაციას მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისროს.

მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად კი, ირანელები კატარში აქციებს აქტიურად მართავენ. ისინი პროტესტს სხვადასხვა პერფორმანსით გამოხატავენ და ირანის რეჟიმის გადადგომას მოითხოვენ.

თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებების ბრალდებით, ქვეყნის მთვარობამ, გასულ კვირას ირანელი ფეხბურთელი დააპატიმრა. ვორია გაფური, ირანი-უელსის თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. გაფური ქალთა უფლებების აქტიური დამცველია. მის დაკავებას მალევე მოყვა სოციალურ ქსელებში პროტესტი, ადგილობრივები მთავრობისგან სპორტსმენის დაუყონებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ. რა ბედი ეწევათ ირანელ ფეხბურთელებს და მათი ოჯახის წევრებს, ეს შესაძლოა დღევანდელმა მატჩმა გადაწყვიტოს. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თამაში, თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.


 

 

 

 

დღის ამბები