შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - იენს სტოლტენბერგის შემდეგ, განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ენტონი ბლინკენმა ამ კონტექსტში საქართველზე ისაუბრა. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ უნდა გაძლიერდეს ნატოს წარმომადგენლობა შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს როგორც ერთმანეთთან, ისე ნატოსთან.
"შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად ნატოსთვის. ამ ნაწილში ჩვენ გვყავს სამი მოკავშირე, რომელიც ამავდროულად ნატოს წევრი სახელმწიფოა და ასევე ახლო პარტნიორები, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო. რუსეთმა შავი ზღვა ომის ზონებად დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს, რომლის მსგავსიც წლების მანძილზე არ გვინახავს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. ამაში რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ ნატოს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ კუთხით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე ნატოსთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია. მარტივად რომ ვთქვათ, შავი ზღვა არის ნატოს თავდაცვითი სტრატეგიის კრიტიკული კომპონენტი, თუმცა ეს არაა სტატიური რამ, ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ამ თემაზე დღეს ყველა წევრი სახელმწიფოს მინისტრთან ვისაუბრებთ.“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან ლუციან აურესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს.
"გასულ წელს, ვაშინგტონში ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვასთან დაკავშირებით. თქვენ მოისმინეთ რუმინეთის პოზიციაც, მათ შორის ის იდეებიც, რომელიც ეხება აუზის ქვეყნების მედეგობას, ეკონომიკის განვითარებასა და შავი ზღვის კონსოლიდირებას როგორც ჰაბისა და სატრანზიტო წერტილის, ევროპას - კავკასიასა - და - შუა აზიას შორის. ვთანხმდებით, რომ შავ ზღვას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ვხედავთ, რომ ექსტრემალურად რელევანტურია კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ახალ კონტექსტზე, ახალ პარამეტრებზე, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიაში შევა,“- განაცხადა ბოგდან ლუციან აურესკუმ.