27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"შეგახსენებთ იულია ტიმუშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა ეტლით და მეორე დღეს წამოხტა, იქნებ ასეთ სიმულაციასთან გვაქვს კავშირი" - ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა პარლამენტში კამათის საგანი იყო

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა იყო მთავარი თემა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკური შურისძიებითაა დაკავებული, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ახლა მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და სპეკულაციები უადგილოა.

"ეს ადამიანი არის სიკვდილის პირას და არ აქვს დიაგნოზს მნიშვნელობა. თუ მე სპეკულაციას ვეწევი, რატომ მითხრა მე მისმა მკურნალმა ექიმმა, რომ მისი გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებაო?!

ჩვენ მომავალი არ გვექნება თუ მე დავკარგავ მეგობარს და საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს, არ აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკური დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მას ირაკლი კობახიძემ უპასუხა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპონენტებს წარსული შეახსენა და თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, ისაუბრონ ვინმეს სიცოცხლის უფლების შელახვაზე.

"მე ამ განცხადებებს არ გავცემდი პასუხს, რომ არ გაგვხსენებოდა რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს სააკაშვილის ხელმძღვანელობით. დღეს რომ სიცოცხლის უფლებაზე საუბრობთ, მე შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 12-ჯერ შემცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიკვდილიანობა. შეწყდა წამება, გაუპატიურება და ძალადობა. მე შეგახსენებთ, იულია ტიმუშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა ეტლით და მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, იქნებ ასეთ სიმულაციასთან გვაქვს კავშირი? 

ერთადერთი რისთვისაც გინდათ სააკაშვილი გარეთ, არის ის, რომ არიოთ სიტუაცია გარეთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები