27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ვერ შედგა - ექიმების მოსაზრებით, მისი ტრანსპორტირება გამართლებული არ იქნებოდა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ვერ შედგა. მიზეზი ექიმების მოსაზრება გახდა, რომლის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყოფილი პრეზიდენტის ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო. კლინიკა "ვივამედის" ექიმების დასკვნა მოსამართლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. 

დილიდან ექსპრეზიდენტის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მსჯავრდებული სასამართლო დარბაზში მისასვლელად ემზადებოდა და ამით იმის ჩვენებაც სურდა, თუ როგორ დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ვერმისვლა ადვოკატებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულება გახდა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა იმდენად, რომ მას უკვე ტრანსპორტირებაც აღარ შეუძლია და საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. სწორედ ამიტომ, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, სასამართლოს ისინი შუამდგომლობით მიმდინარე კვირას მიმართავენ.

სხდომის გადადებამდე განმარტება გააკეთა კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელმაც, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს უარყოფითი დინამიკა აღენიშნება და დამატებითი გამოკვლევა სჭირდება.

სააკაშვილს ელოდნენ საქალაქო სასმართლოს ეზოში შეკრებილი მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერებიც. ისინიც, ვინც ერთ დროს თანამებრძოლები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში კი კონკურენტებად იქცნენ.

სანამ საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყებოდა, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველმა მოინახულა. ნინო ლომჯარიამ მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 10 წუთით ესაუბრა, ისიც იმიტომ რომ მან მეტი ვეღარ შეძლო. 

უცვლელია მმართველი გუნდის პოზიციაც. "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხით მანიპულირებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ენდობიან ქართველ ექიმებს და ვერ ხედავენ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებას.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ნახევარი წელია მკურნალობს და ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას აქტიურად ითხოვს. 

დღის ამბები