მომავალი წლის ბიუჯეტი მთავრობიდან ისევ პარლამენტში ბრუნდება. 25 მილიარდიან ხარჯვით ნაწილში შესწორებები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიმართულებით შევიდა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომლის პარამეტრებზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ყველა მიმართულებით ზრდა ფიქსირდება და პოზიტიურ მაჩვენებლებს ქვეყანა მომავალ წელსაც შეინარჩუნებს.
მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია უწყებების გაზრდილი დაფინანსება. გათვალისწინებულია პენსიების,ხელფასების, სოციალური დახმარებების მატება.
მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა კონკრეტული მიმართულებებით მობილიზებულ თანხებთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2023 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული. ბიუჯეტს ემატება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდა,იცვლება მიდგომა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც. თანხების მატება გათვალისწინებულია განათლებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებს. მათი კრიტიკა ხარჯების შემცირების მიმართულებას ეხება. ოპონენტებისგან განსხვავებით, ფინანსური დოკუმენტს მხარს უჭერს მმართველი გუნდი.
ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ორ დღეში დაუბრუნდება. კორექტირებულ დოკუმენტს პარლამენტმა კენჭი დეკემებერში უნდა უყაროს.