27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ეს არის მყარი მტკიცებულება იმის, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - ადვოკატი 

დილიდან იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მივიდოდა, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი ექიმების მოსაზრება გახდა, რომლის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყოფილი პრეზიდენტის ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო. ცნობა მოსამართლემ სხდომაზე წარადგინა. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერებიც.

ადვოკატებმაც თქვეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა სხდომას დასწრებოდა და განცხადება გაეკეთებინა. 

"ისინი რეკომენდაციას არ აძლევენ, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება. ეს არის მყარი მტკიცებულება იმის, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. მე აღარ დავიწყებ ახლა სპეკულირებას, მე როგორც ადვოკატი, ვაფასებ ამას როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომ ეს კაცი არის მძიმე ავადმყოფი," - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი უნდა დასწრებოდა სასამართლო სხდომას, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ პროცესი გადაიდო.

"განწყობილი იყო მოსასვლელად, აპირებდა მოსვლას  თითქოს და მერე მე მოვედი, ბევრი ხალხი დამხვდა, ეს ადამიანებიც მოვიდნენ დარწმუნებული, რომ შედგებოდა სხდომა. მართალია ცოტა დაგვიანებით მაგრამ დაიწყო სხდომა და მოსამართლემ შეგვატყობინა, რომ გადაიდო გაურკვეველი ვადით. მიზეზი ვერ გავიგე, ამიტომ მე ვღელავ. ვფიქრობ, ისევ ცუდად ხომ არ გახდა,“ - აცხადებს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

"ესეთი დასკვნა ქონდათ მათ შორის მკურნალ ექიმებს, ვინც ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს იყო მიზეზი, რატომაც არ გადმოიყვანეს სასამართლოში საავადმყოფოდან. მძიმე მდგომარეობაა ნამდვილად, თვითონ ჰქონდა სურვილი. მე დავრჩი რამდენი ხანიც შეიძლებოდა და პროცედურა მაძლევდა ამის უფლებას, იმიტომ რომ მინდოდა მივხმარებოდი მომზადებაში. შევთავაზეთ რეანობილი და მათ თქვეს, რომ არც რეანობილი, არც ექიმების ბრიგადა არ უზრუნველყოფს იმას, რომ მას რაიმე არ დაემართოს ამ მცირე მონაკვეთში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები