27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ყოველგვარი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ჩემი კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის ტყუილი - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მხრიდან ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, შეფასებები მოჰყვა პარტიის შიგნით. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ ეყოლება პოლიტსაბჭოში მომხრეები, ვინც მის კანდიდატურას დააყენებს, პრობლემას ვერ ხედავს. 

აქვე, ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ფეისბუქ პოსტსაც ეხმაურება. 

"ყოველგვარი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე, მოგონილი ტყუილი. შესაბამისად, ტყუილებზე, ფეიკ ნიუსებზე ცოტა სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არასერიოზული ადამიანები არ ვართ. არავის მორალის განკითხვა ჩემი საქმე არ არის, მე ამ ადამიანს, მის გონიერებას, მის ნიჭს პატივს ვცემ, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობის არჩევნები არის შიდა პარტიული არჩევნები და არა გარე არჩევნები. თუმცა, მას თუ ეყოლება პოლიტსაბჭოში მომხრეები, ვინც მის კანდიდატურას დააყენებენ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება სიბინძურეებს და ტალახს, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ არის, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თავად საუბრობს იმაზე, რომ მისსავე პარტიას ახდის ფარდას,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.

"არასერიოზულად მეჩვენება ეს პროცესი. ერთი ის ვიცი, რომ 2020 წელს ის იყო ჩემი კონკურენტი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში და მან მიიღო 2%, მე მივიღე 43%. დღეს რანაირად შეიძლება ვისაუბრო იმაზე, რომ ის შეიძლება ხვალ გახდეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

 

 

დღის ამბები