27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
თუ გინდათ გიპასუხოთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ვინმეს პროექტი ან ვინმეს დავალებას ასრულებს, ასეთ პასუხს ამ კითხვაზე არ გაგცემთ - ნიკა მელია 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარ სოციალურ ქსელში წერილის გამოქვეყნების შემდეგ, დამატებითი განცხადება მედიასთან გააკეთა. ნიკა მელია facebook პოსტში კულუარულ და არაფორმალურ გავლენებზე წერს, რომლითაც მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები იმართება. ნიკა მელიამ ამ საკითხზე ღიად საუბარი არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ დაუშვებლად მიიჩნევს არაფორმალურ მართვას.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ზურაბ ჭიაბერაშვილის შესაძლო მონაწილეობას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა პროცესში.

განცხადება ნიკა მელიამ სასამართლოს ეზოში გააკეთა, სადაც ის ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასასწრებად მივიდა.   

"დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, რომ თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა ან ჩრდილოვანი მმართველობა. ამის შესაძლებლობა მე არ მიმიცია არავისთვის და არც მომავალში მივცემ. თუ გინდათ გიპასუხოთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ვინმეს პროექტი ან ვინმეს დავალებას ასრულებს, ასეთ პასუხს ამ კითხვაზე მე არ გაგცემთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პროცესში, დაარწმუნოს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრები იმაში, რომ ისინი დარეგისტრირდნენ კანდიდატებად და ამის შემდეგ კი ბატონო, გაიმართოს დემოკრატიული პაექრობა," - აცხადებს ნიკა მელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს შანსები მაღალი არ არის. 

"მე არ ვფიქრობ, რომ მისი შანსები არის ძალიან მაღალი. იცით, რომ ზურა იყო ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრი, 2016 წელს ის წავიდა პარტიიდან, ამიტომ ეს გარემოებები რა თქმა უნდა, იმოქმედებს საბოლოო შედეგზე, რომელსაც ის მიიღებს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

 

დღის ამბები