სახალხო დამცველი კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო ერთი თვეა, რაც ყოფილი პრეზიდენტი არ უნახავს და ამ პერიოდის განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
ომბუდსმენი ამბობს, რომ სააკაშვილს მხოლოდ 10 წუთით ესაუბრა, რადგან მან მეტი ვერ შეძლო. ლომჯარია მკურნალ ექიმს და ნევროლოგსაც შეხვდა.
"მიხეილ სააკაშვილი მახსოვს, როგორ იყო შარშან, გორის ჰოსპიტალში. ვიზუალურად განსხვავება არის დიდად შესამჩნევი, პრაქტიკულად სულ წევს, ფეხზე არ დგება, არ დადის და ასევე არ ჯდება. კლინიკას შეუძლია გასცეს რეკომენდაცია, მიიჩნევს თუ არა ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად, საბოლოო ჯამში რისკების გააზრების შემდეგ პაციენტს მაინც შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება,"- აცხადებს ნინო ლომჯარია.