ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, არაერთ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, ათასობით ადამიანი ე.წ. ნულოვანი კოვიდ სტრატეგიის გასაპროტესტებლად გამოვიდა. დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტ სი ძინ პინის გადადგომას ითხოვდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაც ფიქსირდება. არიან დაკავებულები. საპროტესტო ტალღა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ქალაქ ურუმჩიში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრანტების თქმით, კორპუსის მცხოვრებლებმა შენობის დროულად დატოვება ლოქდაუნის გამო ვერ შეძლეს.