27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო - ცნობილი გოგონა დროშით, 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

წამი და ფოტო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მთლი­ა­ნი ეპო­ქა და­ი­ტია - 9 აპრილის სიმ­ბო­ლოდ ქცეული ფოტოს გმირი 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. გოგონას დროშით - ნანა მახარაძეს საქართველოში ყველა შავ-თეთრი ფოტოდან იცნობს, "კურიერი PS-ის" გუნდმა კი გადაწყვიტა, რომ ის უფრო ახლოდან გაგაცნოთ.

ნანა მახარაძე იმ ათასობით ადამიანს შორისაა, რომელსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ, მადლობა ყველაზე მთავარი მონაპოვარისთვის - თავისუფლებისთვის.  ინტერვიუ მასთან სალომე ბოკუჩავამ ჩაწერა.

მაშინ 19 წლის სტუდენტი იყო და კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ რუსთაველის გამზირზე საქართველოს ბედი წყდებოდა.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს, რუსთაველის გამზირზე სისხლიანი დარბევის შესახებ ნათესავისგან შეიტყო, რომელიც სახლში სასტიკად ნაცემი მივიდა. სახლიდან გამოიპარა და ბიძაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ გაიქცა დროშით და შავი ფერის სამკლავურით.

ღირსების, თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს, კინოსტუდიასთან ორმა უცნობმა მანქანით მსვლელობაში ჩართვა შესთავაზა. მალე ნანა მახარაძე სხვებთან ერთად ავტოკოლონას შეუერთდა და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მივიდნენ - ისტორიული ფოტოც, იური მეჩითოვმა სწორედ ამ დროს გადაიღო.

ნანა მახარაძემ გაიხსენა ის დღეებიც, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე მეგობრებთან ერთად გაატარა. ამბობს, რომ სტუდენტები ლექციების სანაცვლოდ მოშიმშილეების დასახმარებლად იკრიბებოდნენ და ეროვნული მოძრაობის წევრებისგან სამშობლოს სიყვარულს სწავლობდნენ.

ნანა მახარაძე იტალიელ მეუღლეს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს აცნობს და ცხოვრების ახალ ფურცელს წერს. 11 წელი იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდა და ოჯახს ევროპიდან ეხმარებოდა. დღეს, საქართველოში დაბრუნდა და აქ აპირებს ცხოვრების გაგრძელებას.

ტოსკანაში მდებარე ქალაქ არეცოში, სადაც მეამბოხე გოგონამ წლები გაატარა, არავინ იცოდა, რომ ერთმა ფოტომ მისი სიცოცხლე შეცვალა. ნანა მახარაძეს საქართველოში ყველა შავ-თეთრი ფოტოდან იცნობს. ფოტო 1989 წლით თარიღდება. მაშინ, 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, დაღუპულებს შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები და ქალები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2 000-მდე მომიტინგე. ადამიანები, რომლებიც ტრაგედიას გადაურჩნენ, მაგრამ მზად იყვნენ საკუთრი სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებისთვის გაეწირათ, დღემდე ჩვენს შორის არიან - ისინი გვხვდებიან ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში და სამსახურებშიც კი, სწორედ ესენი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სათქმელი გვაქვს "მადლობა თავისუფლებისთვის".

დღის ამბები