27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორისაა ის, როგორ იმოქმედოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ორგანიზებულად სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პირთა გასათავისუფლებლად და როგორ იქცეს "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდობიანი, ფართო საპროტესტო მოძრაობის საყრდენად.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, "რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს პოლიტიკური დისკუსიის და არა "ტალახის სროლის" რეჟიმში".

"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დანიშნულებაც და მასში მონაწილეობის მიზანშეწონილობაც იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რა უწყობს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას. ამასთან, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს და არა „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი „ტალახის სროლის“ რეჟიმში; და იქნება თუ არა კარი ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელმაც პარტია დღევანდელი არასასურველი მდგომარეობიდან უფრო ძლიერი უნდა გამოიყვანოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისათვის დაგეგმილ არჩევნებში ჩემს შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი უკავშირდება შემდეგ საკითხებს:

როგორ იმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორგანიზებულად და დაგეგმილად პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, როგორ იქცეს „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის საყრდენად და როგორ შეიძინოს ახლა საარჩევნო პროცესმა ისეთი ხასიათი, რომ იყოს არა პიროვნული კინკლაობა (და ყველა კანდიდატისადმი პატივისცემის მიუხედავად, მას ახლა სწორედ ასეთი სახე აქვს), არა სხვადასხვა ბანაკად დაყოფა, არამედ დისკუსია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის ირგვლივ და როგორი ლიდერი შეძლებს მის აღსრულებას.

ამ საკითხებს მე ასე ვუყურებ:

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი ვერ დამარცხდება, თუმცა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი არაა საკმარისი ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის დასამარცხებლად. მცდარი იყო წლების განმავლობაში საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელსაც აღარ უნდოდა „ოცნება“, მაგრამ ივანიშვილის პროპაგანდით დაკომპლექსებული იმეორებდა: „ოღონდ ნაციონალები არა“. იმის შეგრძნება, რომ „ოღონდ ნაციონალები არა“ ხელს უშლიდა ფართო პროდასავლური კოალიციის შეკვრას, ყველაზე მეტად გაათავხედა ეს პუტინისტური რეჟიმი.

საბედნიეროდ, ეს კომპლექსი მოიხსნა: დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებს ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოსვლისა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ნაციონალური მოძრაობის ფორმაში ყოფნის აუცილებლობას. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს შესაძლებლობაა, იქცეს გამაერთიანებლად ყველა იმ ადამიანისათვის, საზოგადოების ყველა იმ ჯგუფისათვის, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ დიდი საფრთხეა ქვეყნისა და თითოეული პატრიოტი მოქალაქისათვის ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა.

ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის დამარცხების გზა გადის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის შექმნაზე, რომელშიც მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“, სხვა პროდასავლური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთიანობა, თანამშრომლობა და კოორდინაცია.

როგორც წესი, ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის დამარცხების გზაზე საუბარი დაიყვანება ყალბ დილემამდე – არჩევნებით, თუ ქუჩის პროტესტით. მე საკითხს ასე არ ვსვამ. ჩემი ხედვით, თუ ინიციატივა მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის მხარესაა, ის შეიძლება არჩევნების მოგებით დასრულდეს, შეიძლება, რეჟიმი არჩევნებამდე ჩამოიშალოს. დღეს პრობლემა სწორედ ისაა, რომ ინიციატივა ჩვენს მხარეს არაა.

ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ტყვეობის დასრულება არ იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი. არ ვსაუბრობ საკითხის მორალურ და სამართლებრივ მხარეზე. შევხედოთ მხოლოდ ძალიან რაციონალური, პრაგმატული თვალსაზრისით:

ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას, სადაც დადასტურებული და საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკური დევნაა, მოჭრილი აქვს გზა ნატოსა და ევროკავშირისაკენ.

საკითხი არაა იმაზე, მოგვწონს თუ არა სააკაშვილი; როგორ ვაფასებთ მისი პრეზიდენტობის პერიოდს; ან ვაპირებთ თუ არა ხმა მივცეთ მის მემკვიდრე პოლიტიკურ ძალას არჩევნებში. საკითხი ეხება იმას, რა არის ჩვენი, როგორც ერის ინტერესი.

არსებობს ყალბი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი: თითქოს საკითხი არაპოპულარულია ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილში.

ასეც რომ იყოს, პოლიტიკური ლიდერის ამოცანაა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მისი იდეების გარშემო და არა საზოგადოებრივი აზრის მონური მორჩილება. პოლიტიკოსი, თუ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს არ ითვალისწინებს, გზასაა აცდენილი, თუ მხოლოდ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით მოქმედებს – მიზანს.

პოლიტიკური რეპრესია და ქვეყნის ევროპული გზა არათავსებადია ერთმანეთთან – ესაა ყველა ასპექტით მართებული პოზიცია, ეს უნდა იყოს ყველა პროდასავლური პარტიის გზავნილი.

არ შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი მხოლოდ მკურნალობის თემაზე დავიდეს იმის მიუხედავად, რომ ახლა ყველაზე კრიტიკული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უპირველესად პოლიტიკურია და მის გათავისუფლებას უნდა ვითხოვდეთ და არა მხოლოდ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.

მიდგომა – „არჩევნებს მოვიგებთ და სააკაშვილს გავათავისუფლებთ“ – ასევე ფუნდამენტურად მცდარია, რადგან პოლიტიკური რეპრესიების დასრულების გარეშე ოდნავ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებიც კი ვერ ჩატარდება; თუ პოლიტიკური რეპრესია გრძელდება და სააკაშვილი ტყვეობაშია, ინიციატივა რეჟიმის ხელშია; არჩევნებს კი იგებს ის, ვინც ფლობს ინიციატივას.

არ ვეთანხმები, მაგრამ კიდევ შემიძლია გავიგო ივანიშვილის რეჟიმის ყოფილი წევრებისა, თუ მომხრეების, რომლებისთვისაც სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია ბევრ შინაგან ჭმუნვას უკავშირდება (სიღრმეში არ წავალ), მაგრამ როგორ შეიძლება ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვას თავისი ასი ათასობით მხარდამჭერის მოთხოვნაზე – გადაიდგას მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის – სრულიად გაუგებარია.

პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის უკან გადაწევა ასუსტებს ენთუზიაზმს და საბრძოლო განწყობას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებში. მხარდამჭერების ასეთი განწყობა პარტიას წარმოაჩენს სუსტად. ეს კი არავის ინტერესში წარმოადგენს, ვისაც ესმის საერთო ეროვნულ ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობის ფაქტორის მნიშვნელობა.

არ მომწონს, რა სახეც მიიღო„ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებმა. ამაზე წუხს არა მხოლოდ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერი, არამედ ისინიც, ვისაც ესმის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმაში ყოფნა საერთო ოპოზიციურ სიძლიერეს ნიშნავს, მისი სისუსტე – საერთო ოპოზიციურ სისუსტეს.

ამ სახის „საარჩევნო კამპანიას“ ის საშიშროება ახლავს, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება შეუძლებელი გახდეს გამარჯვებულისა და დამარცხებულის მიერ ბრძოლის ერთად გაგრძელება ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პარტიას მშვიდობიანი, არაძალადობრივი, ფართო საპროტესტო მოძრაობის საკვანძო აქტორად აქცევს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. მომავალ ბრძოლაში – საარჩევნო ყუთთან იქნება ეს, თუ ქუჩაში – მნიშვნელოვანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული რესურსის ორგანიზებულობა და დისციპლინა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფართო სახალხო მხარდაჭერა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი ლიდერის ფართო კავშირებმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც," - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები