მონასტრის დაყაჩაღება და ძალადობა მონაზონზე - მძიმე დანაშაულებისთვის დაკავებულ 2 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე, ორი მუხლით არის დაწყებული. დაკავებულები 27 და 39 წლის მამაკაცები არიან, ორივე წარსულში ნასამართლევია.
ცხრამუხას დედათა მონასტერში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცავებმა უკვე დაასრულეს. "კურიერის" გადამღები ჯგუფი მონასტერში იმყოფებოდა, სადაც ამ დროისთვის არავინაა, გარდა ერთი მეთვალყურისა, რომელიც შემზარავი დანაშაულის შემდეგ მონასტრის ტერიტორიას უვლის.
რაც შეეხება გამოძიებას, გრძელდება გამოძიება ორი მძიმე მუხლით, მათ შორის ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით. დაზარალებული მონაზონი აგრძელებს მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კლინიკიდან არ ვრცელდება, რადგან როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება თავად არ სურს.
ადგილობრივების განცხადებებით, ცხრამუხაში დანაშაული გვიან საღამოს მოხდა, რა დროსაც ორი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მონასტრის ტერიტორიაზე შეიჭრა და ისინი ცდილობდნენ შემოწირულობის ყუთის გატაცებას ცდილობდნენ და ამ დროს იძალადეს მონაზონზე, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე მარტო იმყოფებოდა. დამნაშავეებმა დატოვეს ტერიტორია და რამდენიმე საათში მონაზვნის ყვირილის ხმა გაიგეს გამვლელებმა, რის შემდეგაც ისინი შევიდნენ მონასტერში და დაშავებული მონაზონი ნახეს. გამვლელებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
"კურიერი" ცხრამუხას მაცხოვრებლებს ესაუბრა, რომლებიც მომხდარი დანაშაულით შეშფოთებულები არიან. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც დაკავებულია ამ საქმეზე, სწორედ ამ სოფლიდან არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 29 მამაკაცი სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა.
"ძალიან შემზარავი ფაქტი მოხდა. ისეთი ადამიანი, უძვირფასესი პიროვნება. თმის ბეწვი რომ გამოუჩნდებოდა დედაოს, გაგიჟებული იყო. ეს რა საშინელება მოხდა არ ვიცი," – ამბობენ ადგილობრივები.
"შეურაცხადია ადამიანი, იმისთვის სასჯელი არ არსებობს. ის უნდა მოკვეთო რაღაცნაირად, იზოლაციაში მოაქციო და გყავდეს შენახული სანამ იცოცხლებს," – ამბობს ცხრამუხას მაცხოვრებელი.
ცნობილი ხდება, რომ ხაშურისა და სურამის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა დაზარალებული მონაზონი კლინიკაში მოინახულა. ამ დროისთვის მეუფე სვიმეონი აღავლენს წირვას, რის შემდეგაც სავარაუდოდ, ის მედიის წარმომადგენლებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
რაც შეეხება მრევლს, ისინი დამნაშავეების სათანადოდ დასჯას ითხოვენ.
"ეგეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ტაძარში, დედაოს ასე რომ მოექცევა ადამიანი, დასჯა კი არა არ ვიცი რა უნდა იყოს."
"დავბერდი ქალი და ამისთანა არ ვიცი.. საქართველოში ასეთი რაღაცა, დედაოზე.. ზუსტად მაგის გულისთვის მოვდივარ, რომ სანთლები დავანთო იქ მის სახელზე, რომ იცოცხლოს და კარგად იყოს."