27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"ნებისმიერ ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის" - ლევან ხაბეიშვილი  

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. აზრი ორად იყოფა, თუ რა პლატფორმით უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევისას ხმის მიცემის პრინციპი. ნაწილი მათგანი უპირატესობას "ფეისბუქ" პლატფორმას ანიჭებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ კარგი ალტერნატივა "ბლოკჩეინი“ იქნება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების ნებისმიერი ფორმატი მისთვის მისაღებია და მზად არის მიიღოს მონაწილეობა. აქვე ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ცხადია, მე ვიქნები "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე, როცა სჭირდებოდა საქმეს, ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელი და შესაბამისად, ვერანაირი პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.

ნებისმიერ ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის, შიდა დემოკრატიისთვის, გაძლიერებისთვის და მე მზად ვარ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან, წარმომადგენლებთან ერთად გავიმარჯვოთ პარტიის შიგნით და შემდგომ ეს პროცესი გადავიტანოთ მთლიანად ქვეყანაში, იმიტომ რომ შიდა არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი არის აგრე მტერი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის "ფეისბუქ" პლატფორმა ბევრად უფრო აპრობირებული და მისაღებია, ვიდრე "ბლოკჩეინი."

"არის შეუთანხმებელი საკითხები, რომელზეც ალბათ პოლიტსაბჭოს მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. ღიად ჩატარდეს თუ ეს მოხდეს ფარულ რეჟიმში, რაც ბუნებრივია,  ნდობის საკითხს არ წარმოშობდეს. ჩვენი საზოგადოებისთვის ფეისბუქ პლატფორმა ბევრად უფრო აპრობირებული და მისაღებია," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.  

დღის ამბები