27 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
თავმჯდომარის არჩევის პრინციპი და ხმის მიცემის სისტემა - ენმ მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში განხილვის მთავარი თემა თავმჯდომარის არჩევის პრინციპია. პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი, როგორ წარიმართება ხმის მიცემა - "ფეისბუქის" თუ "ბლოკჩეინის" მეშვეობით. მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მოხდება კანდიდატების რეგისტრაცია, რასაც საარჩევნო კამპანია მოჰყვება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ "ბლოკჩეინის" სისტემა მეტად მისაღებია, რომლითაც ბევრ ცივილურ ქვეყანაში ტარდება არჩევნები. 

"სულ რამდენიმე შეხვედრა იქნება ამისათვის საკმარისი, რომ ძირითად პრინციპებზე ჩამოვყალიბდეთ. სხვა დანარჩენი, ანუ ტექნიკური ხასიათის მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვეტილი იქნება პოლიტ საბჭოზე. დეპუტაციულად უფრო მისაღებია ბლოკჩეინი, იმიტომ რომ ამ პლატფორმით უამრავი არჩევნები ტარდება ძალიან ბევრ ცივილურ ქვეყანაში, ასევე მუნიციპალურ დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ამით ჩვენ დავნერგავთ საკმაოდ მაღალ სტანდარტს.“ – ამბობს ბაჩო დოლიძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინი ბევრად უფრო დაცული სისტემაა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად აქვთ ნდობა პოლიტსაბჭოს წევრებს კომპანიის, რომელსაც აქვს უკვე ამის გამოცდილება.

"ბლოკჩეინი ბევრად უფრო დაცული სისტემაა, მეორე არის, რამდენად ენდობიან პოლიტსაბჭოს წევრები ენდობიან იმ კომპანიებს და ამ შემთხვევაში ამერიკულ და გერმანულ კომპანიაზეა საუბარი, რომელსაც აქვს ჩატარებული არჩევნები და აქვს ამის გამოცდილება,“ - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი ფეისბუქით ხმის მიცემის სისტემას ემხრობა. მისი თქმით, მისთვის მთავარია პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს.

"მე მაქსიმალურად ვემხრობი გამჭვირვალე წესს, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება დაინახონ, თუ ვინ ვის მისცა ხმა და ვინ არის ჩართული. არის ორი მოსაზრება, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი. ეს სამუშაო ჯგუფი საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სამუშაო ჯგუფი მუშაობს, შეიძლება რამდენიმე ვარიანტი შეიმუშაოს და შემდგომ უკვე პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტოს... მე ვემხრობი, რაც უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

 

 

 

დღის ამბები