უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი რუსეთის დანაკარგების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მტერი განიცდის როგორც საბრძოლო მასალის, ასევე ცოცხალი ძალის დანაკარგს.
სტუპუნი ამბობს, რომ ქალაქ მელიტოპოლში განადგურდა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.
"ბოლო 24 საათში, მტერმა განახორციელა 11 სარაკეტო დარტყმა, 7 საჰაერო და 50-ზე მეტი შეტევა რეაქტიულ ზალპური სისტემებით. მტერი აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს ატარებს ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟჟიას მიმართულებით. ლუგანსკის რეგიონში მოქმედმა მტრის ქვედანაყოფებმა, დიდი რაოდენობით დანაკარგები განიცადეს. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზრდილია სამოქალაქო ჰოსპიტალების რაოდენობა, რომლებსაც მტერი იყენებს ექსკლუზიურად რუსი სამხედრო მოსამსახურეების სამკურნალოდ. რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.
3 დასახლებულ პუნქტში საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი ოკუპანტებით, ხოლო მორგები დაღუპული დამპყრობლების გვამებით. ქალაქ მელიტოპოლში განადგურდა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. ვასილივის რაიონში ორი საწყობი განადგურდა. აქ დაიჭრა 130-მდე ოკუპანტი, ასევე განადგურდა 7 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. ლიკვიდირებული მტრის პერსონალის რაოდენობა ზუსტდება. დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის ადგილებში, ასევე 4 დარტყმა მოხდა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე." - ამბობს ოლექსანდრ სტუპუნი.