27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს - თვითმმართველ ორგანოში დღეს მხოლოდ პროექტის შინაარსი განიხილეს

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. თვითმმართველ ორგანოში დღეს მხოლოდ პროექტის შინაარსი განიხილეს. ოპოზიცია ბიუჯეტში გაწერილ ადმინისტრაციულ ხარჯებს, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებს. ფინანსური დოკუმენტი რეკომენდაციებით და შენიშვნებით ისევ ქალაქის მერიას დაუბრუნდება.

ოპოზიციის განცხადებებს დარბაზიდანვე უპასუხეს მმართველი გუნდის წევრებმა. დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" ამბობენ, რომ ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტული მიმართულებაა ასახული და ხარჯები დაბალანსებული. მათივე განმარტებით, მომდევნო წლის ფინანსები იმ გამოწვევებზეა მორგებული, რაც დედაქალაქისთვის აქტუალურია. პროექტში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსების გაზრდაც.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით თანხები 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი. გიორგი ტყემალაძის თქმით, ოპოზიციის ბრალდება ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგნებულად დამახინჯებაა.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გააკეთა დედაქალაქის მერმაც. დეკემბერში ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს წევრებს სწორედ კახა კალაძემ უნდა წარუდგინოს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ წლის განმავლობაში ფინანსები ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტს მინიმუმ 300 მილიონით გადააჭარბებს.

დღის ამბები