27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
მსჯელობა წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ომბუდსმენის არჩევის პროცეზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

შეძლებს თუ არა პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმებას? ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კონსულტაციაში მონაწილეობდა ყველა პარტია "რეფორმების" ჯგუფის გარდა. ითქვა, რომ პოზიციები შედარებით დაახლოვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტიკური ჯგუფები დაახლოებით ათამდე კანდიდატზე მსჯელობას საერთოდ არ აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ დისკუსია წარიმართება დაახლოებით ხუთ კანდიდატზე და სწორედ მათგან შეარჩევენ ნინო ლომჯარიას შემცვლელს.

კონკრეტული სახელები და გვარები ამ შეხვედრაზე არ თქმულა. ოპოზიციის პოზიციაა, რომ არ შეფერხდეს და არ ჩავარდეს პროცესი და მომავალ სახალხო დამცველად  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი შეირჩეს. ითქვა ისიც, რომ მათ აქამდე არ იცოდნენ "ქართული ოცნების" პოზიცია და დღევანდელი შეხვედრაც ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ინფორმაციის გასაგებად. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს საკუთარი ფავორიტი ჰყავს, თუმცა კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს.

"ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე იყო მსჯელობა იმაზე თუ რა შეიძლება იყოს კიდევ ერთი შეხვედრის საფუძველი, რომ ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას. სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გვქონია მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ რეალურად მათ ჩვენი პოზიცია იციან კარგად. კიდევ ვიმეორებ, მე, როგორც ერთ ადამიანს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მყავს ჩემი ფავორიტი კანდიდატი, ერთი კანდიდატი, რომელსაც ვისურვებდი ხვალ საქართველოს სახალხო დამცველად. ამაზე შორს არ წავალ, იმისთვის, რომ რაღაცნაირად დავტოვო სივრცე, პატარა მაინც, რათა დამოუკიდებელი სახალხო დამცველი გვყავდეს," - განაცხადა დეკანოიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ულტიმატუმების ენით საუბარი პროცესს დააზიანებს.

"შევთანხმდით, რომ პროცესი არ უნდა ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე. ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით ხელისუფლება რისთვის არის მზად, გვარებზე არ ვლაპარაკობთ ამ ეტაპზე, გამორიცხული კანდიდატები საზოგადოებამ იცის, არიან კანდიდატები რომლებზეც ვერ შევთანხმდებით და გამოირიცხა ეს კანდიდატები. ახლა ყველა საკუთარ გუნდთან ვაპირებთ საუბარს. მოლაპარაკებების პროცესში კატეგორიული განცხადებები, წინაპირობებით საუბარი, გვარების დასახელება - დააზიანებს პროცესს, ამაზე შევთანხმდით ხელისუფლება და ოპოზიცია," - ამბობს სამნიძე. 

ოპტიმისტურადაა განწყობილი მმართველი გუნდი. დღეს მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საუბარი შეეხო ვის არ აქვს თეორიული შანსი, რომ არჩეულ იქნეს ამ თანამდებობაზე და მისივე ინფორმაციით, ასეთი არის დაახლოებით 10-მდე კანდიდატი. შესაბამისად, ეს შედარებით გაამარტივებს პროცესს, რადგან  იმ კანდიდატების რაოდენობა, ვისზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მსჯელობა უნდა შედგეს, შემცირდება. 

"ვიყოთ ოპტიმისტები, რადგან ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ შეხვედრას დავარქვათ სახელი, რომ ეს იყო შეხვედრა, სადაც ოდნავ წინ წავიწიეთ, იქიდან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე შევთანხმდით, კონსულტაციების გაგრძელებაზე შევთანხმდით, რაღაც ულტიმატუმების ენით საუბარი დღეს არ ყოფილა. ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ, წრე ამით უფრო ვიწროვდება, შესაბამისად, ყველა შეხვედრაზე 19 და 14 კანდიდატზე არ მოგვიწევს საუბარი.

ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა 3 ქალი, არ მინდოდა ამის თქმა, ზოგადად 3-ვე მიუღებელი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსი, ზოგადად, მათი აზრები, რასაც ლაპარაკობენ, არის კატეგორიულად მიუღებელი პირადად ჩემთვის,  მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები გააჩნიათ, ვიდრე "სტრატეგია აღმაშენებლის" ამ კონკრეტულ წარმომადგენლებს, პირდაპირ გეუბნებით, გადაჭარბების გარეშე. ადამიანი რომ გეტყვის, რომ ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალ და შემდეგ ჟურნალისტებთან დადგება და ბოიკოტი გამოვაცხადეო, თუ რაც თქვა, ამას რაც შეიძლება დაერქვას, ის ჰქვია ზუსტად," - განაცხადა მდინარაძემ. 

დღის ამბები