27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის საქმიანობა შეაფასა და საქართველოში რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის საქმიანობა შეაფასა და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში გამართულ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივნის ანდრეას კიფერის თორმეტწლიანი მოღვაწეობის შეჯამებისა და მისი საპატიო გაცილების ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად საქართველო იქნა შერჩეული.

მინისტრთა კომიტეტის სხდომის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ საქართველოს გადაეცემა სიტყვა, საქართველოს ელჩის,

თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოს, როგორც საპარლამენტო ასამბლეაში, ისე კონგრესში საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე.

თამარ ტალიაშვილმა, განსაკუთრებით დადებითად შეაფასა ანდრეას კიფერთან ხანგრძლივი თანამშრომლობა. ხაზი გაუსვა მის როლს ორგანიზაციის წარმატებასა და რეპუტაციის განმტკიცებაში.

თამარ ტალიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მნიშვნელობაზე და 2014 წლიდან გატარებული რეფორმების შედეგებზე, ასევე პირადად ანდრეას კიფერის აქტიურ როლზე საქართველოში შესაბამისი პროექტების მხარდაჭერის კუთხით.

მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის მიერ, 2020 წლის თებერვალში საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც დელეგაციამ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოში ამჟამად ევროპის საბჭოს კონგრესის ხელშეწყობით მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებების დაცვის სისტემურ-ინსტიტუციურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები