27 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ

"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მედია საშუალებებში გახშირებულ განცხადებებს, რომლის მეშვეობითაც, სრულიად დაუზუსტებელი ფაქტებით ხდება აპელირება ვითომდა ჩვენი ჯგუფის მიერ სანქციური კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, რაც შემდგომ გადაიზარდა არაზუსტი ინფორმაციის პოლიტიკური ინსინუაციებისთვის გამოყენების მცდელობად.

სამწუხაროდ, სახეზეა განცხადების ავტორების საერთაშორისო სანქციების კანონმდებლობასთან მიმართებაში არაკომპეტენტურობა, რომლითაც ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენი ჯგუფის გამჭირვალეობიდან გამომდინარე, გვაქვს სურვილი, ერთხელ და საბოლოოდ სიცხადე შევიტანოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობაში:

ჩვენი ჯგუფი აწარმოებს საქმინაობას მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით, რისი დასტურიც გახლავთ წამყვანი საერთაშორისო (აშშ, UK) სანქციური კომპანიების დასკვნები, შესაბამის რეგულატორებთან და ფისკალურ ორგანოებთან მჭიდრო კოორდინაცია.

2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი ჯგუფის მიერ განხორციელებული უკლებლივ ყველა საერთაშორისო ტრანზაქცია, რომლისთვისაც გამოიყენება საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე სრულიად თავსებადია სანქციურ კანონმდებლობასთან.

ჯგუფის საქმიანობა აუდირებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ (დიდი ოთხეული) და მისი აქციონერული შემადგენლობა გამჭირვალეა საერთაშორისო თუ ქართული საფინანსო ორგანიზაციებისთვის.

აქვე, გვსურს შეგახსენოთ, რომ ჩვენი ჯგუფი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ორგანიზაცია, სადაც დასაქმებულია საქართველოს 2500 მეტი მოქალაქე.

2012 წლიდან მოყოლებული ჯგუფის მიერ ინვესტიცია ქვეყანაში აღემატება 1 მილიარდ ლარს. პეტროკას ენერჯი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი ჯგუფი. ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხები, ბოლო ათი წლის განმავლობაში, აღემატება 1.5 მილიარდ ლარს.

აქვე, მოკრძალებულად აღვნიშნავთ, რომ ჯგუფის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებულია 50 მილიონ ლარზე მეტი.

გვსურს მოვუწოდოთ განცხადების ავტორებს და გარკვეულ მედია საშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არაობიექტური ინფორმაციის გავრცელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ინფორმაციის ტირაჟირება აღქმული იქნება ბიზნესის ზეწოლის ფაქტად და შანტაჟის მცდელობად".

R

დღის ამბები