27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ყოფილმა ქმარმა ცეცხლმოკიდებული ქალი ოთახში ჩაკეტა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის შესახებ

თერჯოლაში ფემიციდის შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა.

არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ის რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს, რომელიც მაღაზიის მენეჯერი იყო, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა.  

ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა. სავარაუდოდ, აფეთქების  გამო მაღაზიაში მინები დაიმსხვრა, არსებული ინფორმაციით, სხვა არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამასთან, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებული დაშავებულია და ის კლინიკაში იმყოფება. 

 
დღის ამბები