თეატრალური სამყარო ქართული კინოსა და თეატრის უხუცესი მსახიობის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ემზადება. 93 წლის ასაკში ცნობილი ქართველი არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა. კინოსა და თეატრში ათობით გამორჩეული როლის შემსრულებელს მოხსნილი აქვს ასევე ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი, თამარ სხირტლაძე სცენაზე 70 წელზე მეტხანს იდგა.
მსახიობი ასაკის გარეშე - სწორედ ასე მოიხსენიებდა სხირტლაძეს თეატრალური სამყარო. გამორჩეულ არტისტის გზა მისმა შვილმა, ასევე ცნობილმა მსახიობმა თაზო თოლორაიამ განაგრძო. თამარ სხირტლაძემ ბოლო კინოროლი 2012 წელს ითამაშა, ბოლო ინტერვიუ კი "რუსთავი 2"-ს მისცა.
მსახიობმა გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან" პირად ტრაგედიაზე, სამსახიობო კარიერასა და განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
სამსახიობო კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და თითქმის მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარა. ქუჩაში ხშირად პერსონაჟების სახელებით მიმართავდნენ. თეატრსა და კინოში შესრულებულმა 100-ზე მეტმა როლმა თამარ სხირტლაძე ნამდვილ სახალხო არტისტად აქცია.
თამარ სხირტლაძეს 2010 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. კომიკური და ტრაგიკული პერსონაჟების უბადლო შემსრულებელი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავტორი: ანი გენებაშვილი