27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ენერგეტიკული ტერორი, გენერატორებისა და ფანრების შუქზე ჩატარებული ოპერაციები უკრაინაში - ქვეყნის ნახევარი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი

გულის ოპერაციის დროს გათიშული დენი - სწორედ ასეთი რეალობა შექმნა მოსკოვმა გუშინდელი სარაკეტო იერიშის შემდეგ უკრაინის თითქმის ყველა კლინიკაში. ექიმებს დაჭრილებისთვის ოპერაციის ჩატარება ფარნის შუქზე, უკეთეს შემთხვევაში კი გენერატორების საშუალებით მოუწიათ.

ქვეყნის ნახევარი ამ დრომდე ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი, მართალია კიევში დღეს დენის მიწოდების აღდგენა დაიწყო, თუმცა მილიონობით ადამიანს კვლავ სიბნელესა და სიცივეში უწევს ყოფნა. ევროპა უკრაინას გენერატორებს უგზავნის, მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო გაიმართა, სადაც ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს ენერგოკრიზისზე იმსჯელეს. მიუხედავად არაერთი კრიტიკისა, რუსეთის წარმომადგენელი არ მოერიდა და საბჭოს წევრებს, პუტინის გზავნილი ღიად გადასცა - ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებას არ შეწყვეტს.

გაეროში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზამთარი მილიონობით უკრაინელისთვის კატასტროფული იქნება. დიპლომატები მიიჩნევენ, რომ პუტინი ცივ ზამთარს იარაღად იყენებს, რომ უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ზიანი მიაყენოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. მაკრონის პოზიციას იზიარებს ჟოზეფ ბორელიც. ევროკომისარი ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებას სისასტიკეს უწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

რთული ზამთარი არამხოლოდ უკრაინას, არამედ მეზობელ მოლდოვასაც წინ აქვს. უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მორიგი მასობრივი სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვის ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. მაია სანდუს განცხადებით, რუსეთის რეჟიმი, რომელმაც მოლდოვა სიბნელეში დატოვა, ნდობას ვერასდროს დაიმსახურებს.

დღის ამბები