27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა. პროექტს მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. გახარიას პარტიის წევრებმა კი ბიუჯეტს ხმა არ მისცეს. 

კენჭისყრის შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ბიუჯეტში მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც გიორგი გახარიას პარტიის წევრია, თქვა რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებს. სწორედ პარტია "საქართველოსთვის" სამ დეპუტატს ჰქონდა გადამწყვეტი ხმა ბიუჯეტის დამტკიცებისთვის.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია დარბაზიდან გაიქცა, რადგან არგუმენტებიც არ ჰქონდათ, თუ რატომ არ დაუჭირეს ფინანსურ დოკუმენტს მხარი. "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები კი ამტკიცებენ, რომ პროექტი რუსთაველების ინტერესებზე მორგებული არ არის.

ოპოზიცია ქალაქის პარალიზებას ცდილობს - ასე შეაფასა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ჩავარდნა ქალაქის მერმა. ნინო ლაცაბიძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასა და ქალაქში ახალი პროგრამების განხორციელებას. 

რუსთავის ბიუჯეტის პროექტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით არის განსაზღვრული და გასულ წელთან შედარებით 6 მილიონით არის გაზრდილი. ფინანსური დოკუმენტი ჩავარდნის შემდეგ მერიას დაუბრუნდება, 10 დეკემბრამდე კი დეპუტატები საკითხის განხილვას ისევ დაიწყებენ. ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

დღის ამბები