რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით "პოლიტიკო" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე უფრო მეტ პოზიციას დაკარგავს.
ოფიციალურ კომენტარს ვაშინგტონში არ აკეთებენ, მაგრამ შიშობენ, რომ ქიმიური იარაღი შესაძლოა აეროზოლი იყოს, რომლის გამოყენებაც და კვალის დამალვაც საკმაოდ ადვილია. შესაბამისად, მტკიცებულებების წარდგენა მოსკოვის წინააღმდეგ ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება მსხვერპლს - საუბარია ათობით ათას სიცოცხლეზე. კრემლის მხრიდან სამომავლოდ აგრესიის მასშტაბების ზრდაზე მინიშნება გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამ ფონზე, დმიტრი მედვედევი "ტელეგრამის" საკუთარ არხზე მუქარის შემცველ რიტორიკას არ ცვლის. ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაკეტების მწარმოებელ ერთ-ერთ ბაზაზე ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ არსენალის შევსება გრძელდება და რუსული რაკეტები ყველას ეყოფა.
ვითარება კვლავ მძიმეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. აქ ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა 6 წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს. განადგურებულია ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანი. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმია დანაკარგების შევსებას ახალი მობილიზაციით ცდილობს. ისინი ბახმუტისა და სვატოვოს სიახლოვეს არიან განლაგებულები.
ოფიციალური კიევი ვარაუდობს, რომ აგრესორის მორიგი მასშტაბური შეტევა უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთ კვირაში განმეორდება. მანამდე კი გუშინდელი ე.წ. სარაკეტო რეიდის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. კიევში აფეთქებას 4 მშვიდობიანი ემსხვერპლა - დაშავდა 11. დედაქალაქის სიახლოვეს ვიშგოროდში კორპუსის აფეთქების შედეგად კი 6 ადამიანი დაიღუპა. 36-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ზელენსკის აპარატში აცხადებენ, რომ ნანგრევებში სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.