27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
გადააგზავნის თუ არა მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში - გადაწყვეტილებას ევროპულ სტრუქტურებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ

ევროპულ სტრუქტურებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გადაწყდეს, გადააგზავნის თუ არა მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში. პროექტის ავტორის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდს არ აქვს პრინციპული წინააღმდეგობა, დოკუმენტზე სამართლებრივი დასკვნა მომზადდეს. თუმცა, ვიდრე საქართველო ვენეციას მიმართავს, მანამდე ის უნდა გაირკვეს, რა პროცესშია კომისია უკრაინულ კანონთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნების" არგუმენტებს პარტნიორები არ იზიარებენ. ევროკავშირის ელჩმა სახელისუფლებო გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ვენეციის კომისიას მიმართონ. პაველ ჰერჩინსკის დღეს კითხეს, ადასტურებს თუ არა, რომ უკრაინამ კომისიას დასკვნის მომზადების შეწყვეტა მოსთხოვა. ელჩმა ამ საკითხზე საუბრის ნაცვლად აქცენტი მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ ევროკავშირი და ვენეციის კომისია სხვადასხვა სტრუქტურები არიან.

ევროკავშირის ელჩის მოწოდების გაზიარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ "ხალხის ძალაში".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენითაც უნდა მიიღოს, თუ ვენეციის კომისია სამართლებრივ ხარვეზებს დაადგენს, რეკომენდაციები კანონში ასახონ.

კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა გამოსავალი არაა ოპოზიციის ნაწილისთვისაც. ისინი, ვისთვისაც არც "ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" პროექტები მისაღები არ არის, აცხადებენ, რომ მთავარი ექსპერტების რეკომენდაციების გაზიარებაა.

საკანონმდებლო ორგანოსთვის ამ ეტაპზე დეოლიგარქიზაციის შესახებ 2 კანონპროექტია წარდგენილი - ერთი უკრაინული მოდელის ანალოგი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა და მეორე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაინიცირებული. მმართველი პარტიის პროექტი 2 მოსმენით უკვე მიღებულია, ოპოზიციის ნაწილის ვერსიაზე კი ჯერ მსჯელობაც არ დაწყებულა, რასაც სახელისუფლებო გუნდისთვის კონკრეტული მიზეზები აქვს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება ევროკომისიის რეკომენდაციაა. ამ ეტაპზე უკრაინაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოლიგარქების წინააღმდეგ კანონი მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გარდა უკრაინული მოდელით ხელმძღვანელობას გეგმავს მოლდოვაც.

დღის ამბები