12 წლის ბავშვს უკვე ოფიციალურად დედის სტატუსი აქვს. კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან თბილისში გადმოყვანილმა მოზარდმა, გუშინ ღამით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა. არსებული რისკების გათვალისწინებით, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში არასრულწლოვანს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჩვილს და მის 12 წლის დედას, სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ.
მოზარდის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. "კურიერის" კითხვებმა დღეს არასრულწლოვნის დედა გააღიზიანა.
ახალშობილის მამა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა. "კურიერი" დღეს მის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები მომხდარში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ.
მოზარდის ფეხმძიმობის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც, თუმცა არც სოციალური სამსახურისთვის და არც პოლიციისთვის არავის მიუმართავს.
"კურიერი" დღეს იმ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა. მეშვიდე კლასელ მოზარდს ხშირი გაცდენების გამო მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აქვს. დირექციამ მშობლებს არაერთხელ აცნობა, რომ გოგონა გაკვეთილებს სისტემატურად აცდენდა. სკოლამ საქმეში სოციალური მუშაკიც ჩართო.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა წლებია არასრულწლოვანთა საქმეებს სწავლობს, მათ შორის სქესობრივი დანაშაულის ფაქტებს. ის ამბობს, რომ ერთი მხრივ მშობლებმა და მეორე მხრივ სკოლამ, ბავშვებს მეტი ცოდნა უნდა მისცენ სექსუალური განათლების შესახებ.
მოზარდის საქმეს, რომელიც 11 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, ახლა პოლიცია იძიებს. ოჯახთან კონტაქტზეა სოციალური სამსახური, რომელმაც არასრულწლოვანს ფსიქოლოგი გამოუყო და საჭიროების შემთხვევაში მზად არის გოგონა შესაბამის სახელმწიფო სერვისებში ჩართოს.