27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - რა თქვა ბრალდებულმა და ვინ არის "მეფე", რომლის დასახელებასაც მოკლულის დედა რამდენიმე დღეში გეგმავს

"მე მეფეს გავაშიშვლებ" - აცხადებს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, რომელიც დღეს საკუთარი შვილის მკვლელების პროცესს 3 საათის განმავლობაში ესწრებოდა.

ნიკო კვარაცხელიას დედამ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს რამდენჯერმე მიმართა. იზა ომაძე შვილის მკვლელობისთვის დაკავებულების ქცევამ გააღიზიანა.

შვილმოკლულმა დედამ სხდომაზე ბოლომდე მოისმინა სიტყვა, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა თქვა. გიორგი კავილაძე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და მას ჯგუფურად დანაშაული არ ჩაუდენია. მოყვა, რომ მკვლელობის დღეს ის ბორჯომში წასვლას გეგმავდა. ფაქტის დასამტკიცებლად, კავილაძემ ვინმე ლაშა სარალიძის დაკითხვა მოითხოვა, რომლის სახელი ამ დრომდე საქმეში არ არსებობდა. შუამდგომლობას მოსამართლემ უარით უპასუხა.

გიორგი კავილაძის სიტყვამ ნიკო კვარაცხელიას დედა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ შვილის მკვლელობა შეკვეთილია. იზა ომაძემ დააანონსა, რომ თუ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დროულად არ დადგება, ის უახლოეს დღეებში მათ თავად დაასახელებს.

დაკავებულ პირთა წრე რომ შესაძლოა გაიზარდოს, არ გამორიცხა ბრალდების მხარემ. პროკურატურა იმ ახალ მტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობისას მოიპოვეს. მათ შორის არის ექსპერტიზის პასუხები.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი არგუმენტი ადვოკატებისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის განაჩენზე, სარჩელი წარედგინათ. დატოვებს თუ არა სააპელაციო სასამართლო განაჩენს ძალაში, სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.

საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი 15 აპრილს გამოაცხადა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გიორგი კავილაძეს 16, ხოლო აკო ჭელიძეს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

დღის ამბები