27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

"ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად  ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად, ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას" - განაცხადა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა,  ქ.კიშინეუში, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც კიდევ უფრო ამყარებს ერთიანი მისწრაფებები და მიზნები.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს მოლდოვასთან ევროპული ინტეგრაციის პროცესში მაღალი დონის კოორდინაციისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას, რაც ნათლად წარმოაჩენს სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე   ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ.

შეხვედრაზე  საუბარი ასევე შეეხო  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  "მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს" - განაცხდა მინისტრმა. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მიესალმნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. 

დღის ამბები