27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს - ასეთია პრეზიდენტის პოზიცია. სალომე ზურაბიშვილმა თემაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, თუ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იარსებებს და მოსამართლეები გადაწყვეტილებას მიიღებენ, ორი პრობლემა გადაიჭრება. პირველი, ეს თავად ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობას ეხება, მეორე კი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს.

"რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ. მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსებისთვის. ჩემი ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან სხვადასხვა კონსილიუმის, მათ შორის "ემპათიის" წარმომადგენლებს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. არაერთხელ მითქვამს საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც – არც ვარ ექსპერტი და არ მაქვს ინფორმაცია, რა დონეზეა დაზიანებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა. დასკვნა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება.

სწორად მიმაჩნია, რომ დასკვნა წარდგენილი იყოს სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ჯანმრთელობის საკითხს, თუ ამ დონეზეა დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს – სასამართლო მოგცემს გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ალბათ ვექილების ვალდებულებაა, რომ შეიტანონ სასამართლოში დასკვნა," – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები