27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს, რათა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მიაყენოს - აშშ-ის ელჩი გაეროში

გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ნიუ-იორკში - მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბოლო 24 საათში მიტანილი მასშტაბური იერიშია. თხოვნით ორგანიზაციას უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. შეხვედრაში, რომელსაც რუსეთის ელჩიც ესწრებოდა, ვიდეო ზარით ჩაერთო თავად ზელენსკი. პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა. ბრალდებებს უპასუხა რუსეთის ელჩმა და უკრაინა მხარდამჭერებთან ერთად, კონფლიქტის წახალისებაში დაადანაშაულა. უკრაინაში კი ვითარება ისევ რთულია. რუსეთის საჰაერო სისტემებმა 73 რაკეტა გაუშვეს, მათგან 30 კიევის მიმართულებით. ათი ადამიანი დაიღუპა, 40-მდე დაშავდა. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. მოსკოვთან შეთანხმების შედეგად, კიევმა დამატებით 36 უკრაინელი ტყვის გათავისუფლება შეძლო - მათ შორის არიან "აზოვსტალის" მცველები.

გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში, როსემარი დიკარლოს თქმით, უკრაინელებს, რომლებიც სასოწარკვეთილად ცდილობენ დაბომბვის შიშით თავი შეაფარონ, ახლა ყინვის წინააღმდეგ ბრძოლაც მოუწიათ.

"მართლაც, ეს უახლესი თავდასხმები განაახლებს შიშს, რომ ეს ზამთარი კატასტროფული იქნება მილიონობით უკრაინელისთვის. რადგან ცივი ამინდების დროს იქნებიან გათბობის, ელექტროენერგიის, წყლის და სხვა ძირითადი კომუნალურების გარეშე. იმის მიუხედავად, რომ უკრაინელები სასოწარკვეთილად ცდილობდნენ დაბომბვის შიშით თავის შეფარებას, მათ ასევე მოუწიათ ყინვის წინააღმდეგ ბრძოლაც," - თქვა დიკარლომ.

აშშ-ის ელჩი გაეროში, ლინდა თომას გრინფილდი მიიჩნევს, რომ რუსეთი ზამთარს იარაღად იყენებს, რათა უკრაინელ ხალხს ტანჯვა მიაყენოს.

"როგორც ჩანს, პუტინს აქვს გადაწყვეტილი უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები ნანგრევებად აქციოს. პუტინის მოტივი ამაზე უფრო მკაფიო და ცივსისხლიანი ვერ იქნებოდა. ის ზამთარს იარაღად იყენებს, რათა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მიაყენოს. მან გადაწყვიტა, რომ თუ ძალით ვერ დაიკავებს უკრაინას, შეეცდება ქვეყნის გაყინვით დაიმორჩილოს," - ამბობს გრინფილდი.

დღის ამბები