27 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
თითქმის მთელ უკრაინაზე ამ წუთებში სარაკეტო იერიშები მიმდინარეობს - როგორია ბოლო ცნობები უკრაინიდან

რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა. ოკუპანტების ნასროლი რაკეტები აფეთქდა დედაქალაქშიც. შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. კიევის ოლქში კი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. იქ მსხვერპლის შესახებ ცნობები ამ დრომდე ზუსტდება.

მასშტაბურმა იერიშმა კიევი წყლის გარეშე დატოვა. პარალელურად, შეიქმნა პრობლემები ელექტროენერგიით მომარაგების კუთხითაც. არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მეზობელ მოლდოვაშიც. გაწყვეტილია ინტერნეტ კავშირიც.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ენერგოსისტემის რეაბილიტაცია დაბომბვის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პროცესში ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული. ზარალი კი 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, ობიექტების სრულად გამართვა, მხოლოდ გაზაფხულისთვის გახდება შესაძლებელი. მანამდე კი უკრაინის მთავრობამ ალტერნატიულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც ე.წ "უძლეველობის პუნქტები" დაარქვა.

ზამთრის გადალახვის კიდევ ერთი, ალტერნატიული გეგმა აქვს კიევის მთავრობას. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია გარდაუვალი იქნება. ვიტალი კლიჩკოს თქმით, ენერგოობიექტებზე შეტევის გაგრძელების შემთხვევაში კიევის მოსახლეობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება.

უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სამოქალაქო ობიექტების განადგურებას გმობს ევროპარლამენტი. რასაც შესაბამისი რეზოლუციის მიღება მოჰყვა. რუსეთი ევროდეპუტატებმა „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადეს. დასავლეთის კანონმდებლების შეფასებით, საავადმყოფოების, სკოლების და თავშესაფრების განადგურება საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევაა.

სამშობიარო სახლს, რომლის დაბომბვაზეც ევროპარლამენტის პრეზიდენტი საუბრობს რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა დღეს დილით ესროლეს. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ახალშობილი. ნანგრევებში მაშველები ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს.


დღის ამბები