რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე მასიურ საჰაერო შეტევას ახორციელებენ. ოკუპანტების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. სამშობიარო დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინისთვის სწრაფი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რესურსების კამპანიის დაწყება დააანონსა.
"რუსეთის ინტენსიური თავდასხმების გამო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, 10 მილიონი უკრაინელი ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გასულ ღამეს ბრუტალურად დაიბომბა სამშობიარო და იყო მსხვერპლი. ეს არის მაგალითი რუსეთის განურჩეველი თავდასხმების. ამ რთულ დროს ევროკავშირმა აჩვენა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ვაანონსებთ კამპანიას რომლითაც ჩვენ მოვიზიდავთ რესურსებს უკრაინის სწრაფი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. უზრუნველვყოფთ მათ ენერგო გენერატორებით, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ ასევე სუფთა წყალი კლინიკებისთვის. ამ კამპანიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოგვიერთდებიან," - აცხადებს მეცოლა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ.
"მივესალმები ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ბოლო თვის განმავლობაში მოწმე გავხდით რუსეთის ტერორისტული ქმედებების , რომელიც მიმართული იყო უკრაინის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. რუსეთმა ამ დრომდე 4 ათასზე მეტი რაკეტა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ . რისკი რომ მთელი უკრაინა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს რეალურია. შედეგები შესაძლოა ფატალური იყოს. წყლის დანაკლისის გამო დიდია ეპიდემიის გაჩენის საშიშროებაა. ზამთარი ახლოვდება და სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენით, ჩვენი მოქალაქეები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დიდი ომი ევროპაში გრძელდება. ჩვენთვის თქვენი დახმარება სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა ერმაკმა.