ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებს, ბრაზილიის შტატ პერნამბუკოს დროშა წაართვეს. კატარელებმა რეგიონალური დროშა LGBT დროშად მიიჩნიეს- ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, საუდის არაბეთისა და არგენტინის მატჩიდან გამოსვლისას მას რამდენიმე ადგილობრივი მიუახლოვდა და პერნამბუკოს დროშა წაართვა.
ამასთან, ვიქტორ პერეირი ამბობს იმასაც, რომ მან ვიდეოს გადაღება სცადა, თუმცა კატარელებმა ტელეფონიც წაართვეს.
"თეთრკაბიანმა პირმა დროშა ხელიდან გამომგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხით გათელა. ტელეფონი ამოვიღე, ვიდეოს გადაღება დავიწყე, ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა, რომ იმ შემთხვევაში დამიბრუნებდა, თუ ვიდეოს წავშლიდი. ამ დროს პოლიციელი მოგვიახლოვდა, ტელეფონი გამოართვა და ვიდეოს წაშლა მიბრძანა. დავთანხმდი, იმიტომ, რომ ტელეფონი სამუშაოს გასაგრძელებლად მჭირდებოდა,"-აცხადებს ჟურნალისტი.