დეოკუპირებული ხერსონი კვლავ ოკუპანტების სამიზნეა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აგრესორის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი - დაშავდა 3 ადამიანი. იერიში საოკუპაციო ძალამ მიიტანა ხერსონის ოლქის ანტონოვკას დასახლებაზეც.
სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც. კამიშევასა და ნოვოტროიცკის დასახლებებში განადგურებულია ენერგეტიკული ობიექტები. ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული 10 საცხოვრებელი სახლი. ერთი ჭურვი კი იმ ობიექტის სიახლოვეს აფეთქდა, სადაც ადგილობრივებს პურს ურიგებდნენ. ადგილზე დაიღუპა ერთი - მძიმედ დაშავდა 2 მშვიდობიანი.
ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების 13 თავდასხმა მოიგერიეს. გენშტაბის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლის შედეგად განადგურებულია საოკუპაციო ძალის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი, ასევე მძიმე ტექნიკა და საფრენი აპარატები.
აგრესორის შესაკავებლად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათვისუფლებლად ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. პირობა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადო. ლოიდ ოსტინის თქმით, ზამთრის დადგომასთან ერთად უკრაინელები შესაბამისი აღჭურვილობით იქნებიან უზრუნველყოფილი.
უარესია უკრაინის მდგომარეობა მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის კუთხით. განახლებული მონაცემები გაერომ გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 6595 მშვიდობიანი მოქალაქე. მძიმე დაშავდა 10 000-ზე მეტი. ფატალური შედეგების უმეტესობა გამოიწვია ოკუპანტი ქვეყნის მიერ მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებამ.