27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
მებრძოლები, რომლებიც ორი ათეული წელია ყველაზე რთულ მისიებს ასრულებენ - სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლისაა

სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლისაა. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიებას მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო. სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს.

სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, მონაკვეთის გაწმენდას, მძევლების გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქების დავალებას მოიცავდა. 

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია. სპეციალური ოპერაციების ძალების თანამედროვე სტანდარტების ბაზის მშენებლობისთვის 70 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოსთვის გაწეული ღირსეული და მაღალპროფესიონალური სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. სპეციალური ძალების ჯარისკაცებს უწყებრივი მედლები, საშტატო იარაღი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

23 წლის წინ, 1999 წლის 22 ნოემბერს კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე დაიწყო "სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“, რომელიც 12-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა და პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოყალიბდა. საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველი საარმიო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის არსებობას. 

დღის ამბები