27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - გაიწვია თუ არა უკრაინამ ვენეციის კომისიისგან დასკვნის მოთხოვნა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მისმა კაბინეტმა უკვე მიმართა ვენეციის კომისიას იმის გასარკვევად, ამზადებს თუ არა ის დასკვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით.

გაიწვია თუ არა უკრაინამ ვენეციის კომისიისგან დასკვნის მოთხოვნა - საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ამერიკის ელჩის განცხადების შემდეგ დადგა. კელი დეგნანის მტკიცებით, უკრაინამ ანტიოლიგარქიული კანონის სამართლებრივი დასკვნის მომზადებაზე უარი თქვა. ამ ფონზე კი შტატების ელჩი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში მისაღები კანონი უცხოელ ექსპერტებს შესასწავლად გადაუგზავნონ.

კელი დეგნანის განცხადების მიუხედავად, ვენეციის კომისიის ვებგვერდზე ამ დრომდე იძებნება ინფორმაცია, რომ უკრაინის კანონი ისევ დასკვნის მომზადების პროცესშია. გარდა ამისა, საიტზევე წერია, რომ უკრაინულ მოდელზე სამართლებრივი ანალიზის პროექტი მზად იანვარში იყო, მარტში კი მისი დამტკიცება იგეგმებოდა.

რატომ გაჭიანურდა უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება  აინტერესებთ "ხალხის ძალაშიც". სოზარ სუბარის თქმით, თუ უკრაინულ კანონს ევროპელი სამართლის ექსპერტების დასკვნა არ სჭირდება, ანალოგიური დამოკიდებულება უნდა იყოს ქართულ მოდელთან მიმართებაშიც.

უკრაინული კანონის და ქართული ვერსიის გამიჯვნა ოპოზიციის ნაწილმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, მის მიერ მომზადებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სტატუსის მიღება ხელოვნურად ფერხდება.

ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად ალტერნატიული პროექტიც მოამზადდა. "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი პარტიის და მათი კანონპროექტების ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას ითხოვს.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 2 მოსმენით უკვე მიიღო. კანონის საბოლოო მიღებამდე კი სამართლებრივ დასკვნას ელოდება ევროკავშირიც. ამის შესახებ გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადებაც გაავრცელა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში დაევალა. მმართველი ძალა კანონის მიღებას დეკემბრისთვის გეგმავს.

დღის ამბები