27 ნოემბერი 2024,   02:11
ვრცლად
ანა ფოტიგას გზავნილი და "ქართული ოცნების" შეფასება - რატომ მიაჩნია მმართველ გუნდს, რომ ევროპარლამენტარი ოპოზიციასთან შეთანხმებით მოქმედებს

ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - ასეთია აფასებს მმართველი პარტია კონფერენციას, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და დასავლელი ექსპერტების მონაწილეობით უნდა გაიმართოს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, ფოტიგას "ტვიტერის" გვერდზე დაანონსებული კონფერენცია ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა და მისმა ლობისტებმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფონის შესაქმნელად, სტრატეგია განაახლეს. უმრავლესობის აზრით, მიზანი უცვლელია - საქართველოში სტაბილური ფონის შეცვლა და ხელისუფლების ცვლილება ნებისმიერი გზით.

მმართველი გუნდის კრიტიკა ევროდეპუტატის იმ "ტვიტს" მოჰყვა, სადაც ფოტიგა საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებაზე საუბრობს. ევროპელი პოლიტიკოსი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით უკვე დიდი ხანია გამოირჩევა. ფოტიგა ევროპარლამენტის მიერი მიღებული კრიტიკული რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

ევროპარლამენტარის მიერ დაანონსებულ კონფერენციაში ყოფილ დიპლომატებსა და ანალიტიკოსებთან ერთად მონაწილეობას რადას დეპუტატი - ალექსეი გონჩარენკოც მიიღებს. გონჩარენკო ერთ-ერთია იმ უკრაინელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სამხედრო ძალით დაბრუნებისკენ ღიად მოუწოდებდნენ.

ფოტიგას "ტვიტს" და "ქართული ოცნების" კრიტიკას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამ თემაზე საუბარს, პოლიტიკურ სპეკულაციად მიიჩნევს. მეორე ნაწილის აზრით კი, ევროდეპუტატის სტატუსი იმის მტკიცებულებაა, რომ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების ცვლილება სურთ.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". ოპოზიციურ პარტიაში ევროპარლამენტარის გზავნილის ქვეყანაში დეპოლარიზაციის გამწვავების მცდელობად აღიქვამენ.

ანა ფოტიგასა და დასავლელი ექსპერტების მიერ დაგეგმილი კონფერენციის მთავარ საკითხს, დღეს საქართველოს მიმართ არამეგობრული ჟესტი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ონლაინ კონფერენცია, საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი და რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკოც მიიღებენ, 29 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები