27 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
ნიკა მელია კეზერაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ - რა ხდება ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში და ვინ ლობირებს მოქმედი თავმჯდომარის კონკურენტს

ვისი გავლენები და ინტერესები დგას "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების უკან - მოქმედი თავმჯდომარე კონკრეტულ გვარებს ჯერ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მეტ დეტალს წინასაარჩევნო კამპანიის დროს იტყვის. მელია უკვე დიდი ხანია ღიად მიანიშნებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. სწორედ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი სახელდებიან მისი მთავარი კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის უკან.

პროცესში ყოფილი ძალოვანი მინისტრების მონაწილეობა ლევან ხაბეიშვილმა "კურიერთან" უარყო. თქვა, რომ მელია მსგავს მინიშნებებს უკვე ხშირად აკეთებს, თუმცა უსაფუძვლოდ.

ხაბეიშვილის უკან რომ ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერა დგას, ეს დღეს ღიად დაადასტურა პეტრე ცისკარიშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს არც ის დაუმალავს, რომ ყოფილი შს მინისტრი პარტიის შიგნით ხაბეიშვილის მხარდაჭერის გაზრდაზე მუშაობს.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არაფორმალური გავლენები პროცესის უკან უკვე აშკარაა და ყველაფერს ფარდას წინასაარჩევნო კამპანია ახდის. ახალი კანდიდატი რომ მარტო არ მოქმედებს, ამაზე მელიას გუნდის წვერების თქმით, ხაბეიშვილის ძველი განცხადებებიც მიუთითებს.

როგორ უნდა გაგრძელდეს ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანი პოლიტიკური გზა არჩევნების დასრულების შემდეგ  - ნიკა მელია უკვე აანონსებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის მმართველ რგოლს საკუთარ გუნდს ჩააბარებს, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი თანამდებობებზე ვეღარ იქნებიან. ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები არჩევნების შემდეგ დაპირისპირებული მხარეების თანამშრომლობის იმედს არ კარგავენ.

დაფარული ამბები, რომლის გამოაშკარავებას თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ელოდებიან, მმართველი გუნდისთვის უკვე ხილულია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიაში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრძოლა მიმდინარეობს - გავლენებისა და ფინანსებისთვის.

ვისი გუნდი გაიმარჯვებს და საბოლოოდ როგორი იქნება პარტიის კონფიგურაცია - ამას "ნაციონალური მოძრაობის" შიდაარჩევნები აჩვენებს. თარიღი ჯერ ისევ უცნობია, თუმცა ეტაპობრივად ცნობილი ხდება, რომელ ჯგუფს რომელი პოლიტიკოსი უჭერს მხარს. ყოფილი შსს მინისტრი პროცესებისგან დისტანცირებას აღარ ცდილობს. ვანო მერაბიშვილმა ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუ საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზეც გააზიარა.

დღის ამბები