საოკუპაციო ძალა ისევ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. ხარკოვის ოლქში აგრესორის ჭურვებმა საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურეს. კუპიანსკის მერის ცნობით, ნანგრევებში ათობით ადამიანია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი და 7 საცხოვრებელი სახლი.
მსხვერპლია დეოკუპირებულ ხერსონში. სარაკეტო იერიში ქალაქზე დილის 11 საათიდან მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილიც. მაგრამ კონკრეტიკისგან ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იქცა ოკუპანტების სამიზნედ სუმის ოლქშიც. კრიტიკული დაზიანება მიიღო კულტურის ცენტრმა, განადგურებულია რამდენიმე კომერციული ობიექტი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაწილიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ "გრადის" სისტემით 60-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. დაშავდა 2 მშვიდობიანი. განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი.
მძიმე შეტაკებებია დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით. აქ ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს. საპასუხოდ უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული არმიის კოლონა გაანადგურეს. თავდაცვის უწყებაში ამბობენ რომ ლუგანსკში ოკუპანტებისგან 12 დასახლებაა გათავისუფლებული.
კონტრშეტევის ფარგლებში ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ აგრესორის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რამდენიმე ზონა დაბომბა. განადგურებულია 20 ერთეული მძიმე ტექნიკა და საბრძოლო მასალის სამი საცავი. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსულ არმიას ცოცხალი ძალის კუთხითაც.
ნგრევაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. შაბათ-კვირის განმავლობაში ობიექტს მინიმუმ 10-ჯერ შეუტიეს. რუსული და უკრაინული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. "როსატომში" აცხადებენ, რომ მაღალია ავარიის საშიშროებაც თუმცა, ამის მიუხედავად საოკუპაციო ძალამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებს ობიექტზე შესვლა და მონიტორინგის ჩატარება აუკრძალა. მიზეზი აგრესორს არ განუმარტავს.