27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
სააკაშვილის ძმა - კმარა ქიშპობა, ამ საკითხის გაპოლიტიკურება, ველოდები გონივრულ გადაწყვეტილებას

გუშინ გააპოლიტიკურეს, ძალიან ბევრისგან მესმოდა, რომ მოწამლულია. ყველას ვთხოვ, მოდით, თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია.

გიორგი სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საბოლოო დასკვნა ექიმებმა უნდა გააკეთონ.

"მე, როგორც ოჯახის წევრს, არ მინდა გავაპოლიტიკურო ეს საკითხი, ჩემთვის მთავარია, რომ მიშა სააკაშვილი იყო ჯანმრთელი, ამიტომ დაველოდოთ. ჩვენ ველოდებოდით ერთი წლის განმავლობაში მისი მდგომარეობის შეფასებას, ჯგუფმა "ემპათიამ" დადო შესაბამისი დასკვნა და ახლა ველოდებით ამერიკელი ექიმების ჩართულობას, ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში ნათელი მოეფინება ყველაფერს, ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში თავს შევიკავებ.

გუშინ გააპოლიტიკურეს, ძალიან ბევრისგან მესმოდა, რომ მოწამლულია, ყველას ვთხოვ, მოდით, თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, ვინაიდან მივანდოთ მიშას ჯანმრთელობა ექიმებს, რომლებიც არიან მართლა კვალიფიციური, მართლა მადლიერი ვარ ყველასი, ექიმებმა ილაპარაკონ საბოლოო დასკვნაზე, ვინაიდან იყო დღეები, როცა იძახდნენ, რომ ტუბერკულოზის ფორმა აქვს... ყველამ თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, დაველოდოთ ექიმებს.

მოდით, მიზეზების ძებნას ახლა შევეშვათ, ახლა მთავარია მიშას ჯანმრთელობა, ნუ გავაპოლიტიზირებთ, დავდგეთ მაქსიმალურად ყველა მიშას გვერდით. მესმის, რომ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ არ შეიძლება დაძრახო ადამიანს, რომ მოწამლულია ან მსგავსი რამეა ჩადენილი, სანამ ექიმები არ იტყვიან შესაბამისად ყველაფერს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გიორგი სააკაშვილი გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ იყოს. გიორგი სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს, ამის შესახებ კითხვას დაუსვამს.

"ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი რომ გავცე, შეიძლება არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მე ამაში გავერკვევი, როდესაც მომიწევს ჩემი ძმის მონახულება, აუცილებლად ვკითხავ, მაგრამ დღეისათვის ნუ ჩავეძიებით მიზეზებს, ნუ ჩავეძიებით, ვინ რა ილაპარაკა, ჩვენთვის მთავარია, მიშას მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გადაცემა "დღის ნიუსრუმში" გიორგი სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ BBC-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს".

გიორგი სააკაშვილის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის განცხადებას და ძალიან კარგი იქნება თუ გადადგამს შეწყალების ნაბიჯს.

"მივესალმები, რა თქმა უნდა, მართლა არ გვყავს გასაწირი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, რომ მართლა გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაიღუპა, არ უნდა იყოს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები ასე ამთავრებენ სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, მივესალმები ამ ფაქტს და ძალიან კარგი იქნებოდა თუ გადადგამდა ამ (შეწყალების) ნაბიჯს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ამასთან, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ის ელოდება მმართველი პარტიისგან გონივრულ გადაწყვეტილებას და იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა საშუალება, რომ იცხოვროს.

"ევროპარლამენტის რეზოლუციებში უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროპარლამენტთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ევროპა ითხოვს, არის ადამიანების უფლებების მკაცრი დაცვა და მითითებულია, რომ ჰუმანიტარული მიზნით მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საშუალება რომ იმკურნალოს და ველოდინები მმართველი პარტიის გონივრულ გადაწყვეტილებას, მართლა კმარა ქიშპობა, ამ საკითხის გაპოლიტიკურება. იმედს ვიქონიებ, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდება და მიშა სააკაშვილს მიეცემა საშუალება, რომ იცხოვროს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და თავმჯდომარის არჩევის პროცესს, გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ არ არის ამ საკითხებში ჩართული.

"არც ვიქნები ჩართული, ვინაიდან მე პატივს ვცემ მიშას შექმნილ პარტიას, შიდა საკითხები, რა თქმა უნდა, თვითონ უნდა გაარჩიონ.

მე, რა თქმა უნდა, მივესალმები დემოკრატიულ პროცესებს, პარტია თვითონ საზღვრავს, ვინ იქნება ამ პარტიის ხელმძღვანელი. მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ განცხადებას, ვინაიდან პოლიტიკოსი არ ვარ, მე აქ ვზივარ როგორც ოჯახის წევრი, როგორც მიშა სააკაშვილის გულშემატკივარი და მხარდამჭერი. ნამდვილად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან დღეისათვის ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია მიშა სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

დღის ამბები