27 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
ჩვენ უკრაინას უფრო ადრე და უფრო მეტადაც უნდა დავხმარებოდით, იგივეა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც - სტოლტენბერგი

ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციაზე კენჭისყრა დასრულებულია. მიღებულია ის ორი რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. ამასთან, მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს დაეხმარონ თბილისს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში.

საკუთარ გამოსვლაში მორიგი მხარდამჭერი გზავნილი ჰქონდა იენს სტოლტენბერგს. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, აქვთ ვალდებულება მხარი დაუჭირონ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან. სტოლტენბერგის თქმით, მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ საქართველოს მსგავსი ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებიან.

"ჩვენ, როგორც ნატოს მოკავშირეებს, რა თქმა უნდა გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ერთმანეთი, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ახლო პარტნიორების წინაშე, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან. ასეთია მაგალითად საქართველო, რომელმაც რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წელს გამოსცადა. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და მე მტკიცედ მჯერა, რომ მანამ, სანამ ჩვენ ვერ ვაღწევთ ამ ქვეყნების სრულფასოვან წევრობას ალიანსში, მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მაინც უნდა გავუწიოთ. თუკი რამე გაკვეთილი ვისწავლეთ, არის ის, რომ ჩვენ უკრაინას უფრო ადრე და უფრო მეტადაც უნდა დავხმარებოდით. იგივეა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან. უკრაინის ომში გადაღლის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად. პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების ნება არ უნდა მივცეთ. თუ ეს მოხდება მაშინ ეს ფაქტი უკრაინისთვის და ასევე ჩვენთვისაც დიდი კატასტროფა და საფრთხე იქნება. ამით ნათქვამი იქნება რომ ძალის გამოყენებით შედეგზე ყოველთვის გახვალ. უკრაინის არ გადაღლა ჩვენ ეროვნულ ინტერესებში შედის. ამის პრევენცისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოელ გარუ-მაილამი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-სკენ გზაზე ბევრია გასაკეთებელი, თუმცა ასევე ბევრი მიმართულებით არსებობს პროგრესიც.

"საქართველო ის ქვეყნაა რომელიც ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. მე თქვენს ქვეყნაში 7 ჯერ ვარ ნამყოფი და პირველი ვიყავი ნატოში რომელმაც საქართველოზე საპარლამენტო ანგარიში მოვამზადე. ეს იყო 2014 წელს. მე ძალიან მინდოდა საქართველოს ნატო-ს წევრი ყოფილიყო და ვლობირებდი თქვენს ქვეყანას. შესაძლოა ეს მცდელობა იმ დროს წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ვფიქრობ ყველა ნაბიჯი რომელიც საქართველოს სასარგებლოდ გადაიდგა მნიშვნელოვანია.დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატო-ში საქართველოს საკითხის წინ წამოწევა იქნება. რაც შეეხება საქართველოს გზას ნატო-სკენ, ვფიქრობ ბევრია გასაკეთებელი და ამავდროულად ბევრი მიმართულებით არსებობს პროგრესიც. ეს მიმართულებებია გამჭვირვალეობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეკონომიკის ადაპტირება. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი შეძლებს მეტი ნაბიჯის გადადგმას," - ამბობს გარუ-ლაიმი.

დღის ამბები