თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების სასამართლო პროცესი დასრულდა.
სხდომაზე ტაქსის მძღოლი გამოიკითხა, რომელმაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ძმები დიდი დიღმის მიმართულებით წაიყვანა.
ტაქსის მძღოლმა ბრალდებულები, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში ამოიცნო და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს მათი ტრანსპორტირება მოახდინა. მოწმის თქმით, კაკულიებს ხელში ჩაფხუტები ეკავათ.
კაკულიების უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
"არის ოქროს მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ ტაქსით ამგზავრა კაკულიები, თუმცა ეს არ არის ის ტერიტორია, სადაც მკვლელობა მოხდა, ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ," - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.