27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან - სტოლტენბერგი

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია მიმდინარეობს- დასკვნით ეტაპზე მიიღებენ 15-ზე მეტ ანგარიშს და რამდენიმე რეზოლუციას. ორ დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას.

ამასთან, მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, დაეხმარონ თბილისს თავდაცვის უნარიანობის გაზრდაში. საქართველო საკუთარ გამოსვლაშიც ახსენა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა იმ პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხო რუსეთის აგრესია. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც, სწორედ მისი გამოსვლით გაიხსნა სესია.

"ის საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულით იზომება, უკრაინელები კი იხდიან საფასურსს, რომელიც იზომება სისხლით. თუ პუტინს გამარჯვების საშუალებას მივცემთ, ავტორიტარული რეჟიმები მთელ მსოფლიოში მიიჩნევენ, რომ მათ ძალის გამოყენებით შეუძლიათ მიიღონ ის, რაც უნდათ.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებზეც რუსულ აგრესიას ყველაზე დიდი გავლენა აქვს, მათ შორის მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან და ყველა სხვა თანამოაზრე ქვეყანასთან.

ჩვენ ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მათ ერთად უნდა გავუმკლავდეთ.თუ ჩვენ გვსურს მისაღები, მშვიდობიანი პოლიტიკური გამოსავალი, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ, რადგან, თუ პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ჩვენ გვექნება მშვიდობა, ხოლო თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერი ევროპაში,"-აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები