27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
სოფელი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს

ცხომარეთის თემის სოფელი ყვიჩორი ადრე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ძველი სახლების ნაშთებსაც კი ვერ იპოვით. ყველაფერი ხშირმა ტყემ და ბუჩქებმა დაფარა. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა აქ ჯრუჭის მონასტერია, რომელიც მეათე საუკუნეშია აგებული და მას ნელ-ნელა რესტავრაციაც უკეთდება.

სოფელი ყვიჩორი პერიოდულად იცლებოდა, ბოლო მაცხოვრებელმაც აქაურობა გასულ საუკუნეში დატოვა. დაცარიელებულ სოფელს 80-ანების ბოლოს პირველი მაცხოვრებელი გამოუჩნდა. გივი კაპანაძეს უბრალოდ ქალაქში ცხოვრება მობეზრდა და მამა-პაპისეულ მიწაზე დაბრუნდა.

ერთი შეხედვით რთულია იცხოვრო იქ, სადაც არც მაღაზიაა, არც აფთიაქი, არც გზა, ყველაზე ახლო მეზობელი კი ოთხ კილომეტრში, სოფელ ცხომარეთშია. თუმცა გივის ერთი მეზობელი პერიოდულად მაინც ჰყავს. 74 წლის ოლია თოდაძე ზაფხულობით ამოდის და ზამთრის დადგომამდე გივის მეზობლად, თავის სახლში რჩება. ორნი უფრო მარტივად უმკლავდებიან ყველანაირ საქმეს. მარტოობაზე არც ერთი არ წუწუნებს, რადგან სტუმრიანობა ხშირად აქვთ.

თავისი პატარა მეურნეობა ჰყოფნის იმისთვის, რომ ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს. პირუტყვიც ზუსტად იმდენი დაიტოვა, რამდენის მოვლაც შეუძლია. მალე ზამთარი დადგება და გივისაც მარტო მოუწევს აქ ყოფნა. ქალბატონი ოლია გარკვეული პერიოდით დედაქალაქში, შვილებთან წამოვა.

ზამთარი აქ არც თუ ისე მკაცრი იცის. მთავარია მომარაგებული გქონდეს შეშა, ფქვილი და ღვინო, რომელსაც გივი სპეციალურად გაკეთებულ, ბუნებრივ მაცივარში ინახავს.

აი ასეთია ფაქტობრივად ერთკაციანი სოფლის ცხოვრება: წყნარი, მშვიდი და უხმაურო. ასე რომ თუ როდესმე ყვიჩორში მოხვდებით, იცოდეთ რომ იქ მასპინძელი ყოველთვის გეყოლებათ.

დღის ამბები