შემოდგომის მიწურულს მარტვილის სოფლები ნარინჯისფერ ფარდებში ეხვევა. აივნებზე, მზის გულზე მწყობრად ჩამოკიდებული ნარინჯისფერი ჩირის კონები, ამ კუთხის ხალხის სილამაზის და მშვენიერების საუცხოო აღქმას გამოარჩევს. იქ მისული სტუმრებიც აღფრთოვანებას ვერასდროს მალავენ, ეგზოტიკური სანახაობა გულგრილს არავის ტოვებს.
სილამაზის მიღმა დაკოჟრილი ხელები და რამდენიმეკვირიანი მძიმე შრომა იმალება, თუმცა ამას არავინ ჩივის - მთავარი ამინდია. ჩირი რომ საუკეთესო ხარისხის გამოვიდეს, სითბო და კარგი, მზიანი დღეებია საჭირო.
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მთავარი საზრუნავი, ხურმის დროულად დაკრეფა, გათლა და გაშრობაა. როდესაც ხურმა სიმწიფეში შესვლას და დარბილებას დაიწყებს, უნდა გაირეცხოს, გაითალოს და სქელ ძაფზე ყუნწით ისე აიკინძოს, რომ ხილი ერთმანეთს არ ეხებოდეს.
მარტვილის სოფლები ხილის გასაშრობად ბრწყინვალე ადგილია. აქ ხურმა სხვა სოფლებიდანაც მოაქვთ. მდინარე ტეხურას ხეობა ბუნებრივი ვენტილაციით გამოირჩევა, რომელიც ხილის დაჩირებას ხელს უწყობს.
მზეზე ხილის დაჩირებას 4 კვირამდე სჭირდება, შემდეგ კი სასურველ კონდიციამდე მისული ნაყოფი გრილ, მშრალ და დახურულ ადგილას ინახება. ბუნებრივად, მზეზე გამომშრალი პროდუქტი უკეთესი გემოვნური თვისებებით და ბაზარზე დიდი მოთხოვნით გამოირჩევა.
ხურმის ქარვისფერ ფარდებს მარტვილში მრავალწლიანი ისტორია აქვს. ყველა ოჯახში ახსოვთ როგორ აჩირებდა ხილს ბებია. წინაპრების ტრადიციას დღემდე აგრძელებენ. ხურმის ჩირის გარეშე მარტვილში ახალი წელი ვერ წარმოუდგენიათ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.