27 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
საჰაერო განგაშის ხმა და სასტიკი ბრძოლები - როგორია უკრაინაში არსებული ვითარება ომის 267- ე დღეს

რუსეთის სამიზნე ენერგოობიექტების გარდა, კვლავ სამოქალაქო ინფრასტრქუტურაა. ბოლო 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ოლქში მოიგერიეს.

დღეს დილიდან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა დაფიქსირდა ბელარუსშიც. მონიტორინგის ჯგუფმა,  ბელარუსის აეროდრომებზე მინიმუმ ორი მოიერიშე თვითმფრინავის აფრენა დააფიქსირა.

დონეცკის რეგიონში სასტიკი ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. უკრაინელი სამხედროების თქმით, საომარი მოქმედებები ჯერ არ შემსუბუქებულა. გასულ 24 საათში დონეცკის რეგიონში, ასამდე რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი თავდაცვას აძლიერებს. მათ შორის დონეცკის ოლქში. ოკუპირებულ მარიუპოლში რუსული პერსონალისა და სამხედროების ჩასვლის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველი აცხადებს. მისი თქმით, რუსული ძალები მარიუპოლში 15 000-მდე სამხედროს ანაწილებენ. ექსპერტების შეფასებით, ახლად მობილიზებული სამხედროები მარიუპოლის გავლით, დიდი ალბათობით, დონეცკის ოლქის დასავლეთ ფრონტზე განლაგდებიან.

დონეცკის ოლქის გარდა, რუსეთი თავდაცვითი ძალების გაძლიერებას იწყებს ლუგანსკის ოლქშიც. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ქალაქ ლუჰანსკში სამხედროების რაოდენობა გაზარდა - სამხედროები ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 30 კილომეტრში მიტოვებულ სახლებში სახლდებიან. ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქის ყველაზე დიდი ნაწილი აქვს დაკავებული. თუმცა უკრაინელები აქაც აქტიურ კონტრშეტევაზე არიან გადასულები. ამჟამად ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.

რუსული ძალები ოკუპირებულ ლუგანსკის, დონეცკისა და აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს ოლქებში პოზიციების გაძლიერებას ხერსონის ოლქიდან გამოყვანილი და მობილიზებული სამხედროების დახმარებით ცდილობენ - ამას ომის კვლევის ინსტიტუტი ამბობს. მართალია ხერსონში უკრაინა ძლიერდება, თუმცა ვითარება, რომელიც მათ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქში დახვდათ, მძიმეა. დანაღმულია ტერიტორია. გამნაღმველები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ დანაღმული ადგილების პოვნას და ასაფეთქებლების განეიტრალებას.

ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ბერისლავის რაიონში მანქანა აფეთქდა. დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ბევრი ნაღმი დატოვეს და მოსახლეობას სთხოვენ, თავი შეიკავონ იმ გზებზე გადაადგილებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ სპეციალისტებს.

რუსეთი კვლავ აქტიურად იყენებს ირანულ დრონებს, თუმცა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა, 9 თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ დეფიციტშია. "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, მოსკოვი თეირანს რუსეთში ირანული დრონების წარმოებაზე შეუთანხმდა.

ამის პარალელურად კი, სამხედრო დახმარებით ძლიერდება უკრაინა. დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 სპეციალური საზენიტო ქვემეხითა და სარადარო სადგურით უზრუნველყოფს,-ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა საფრანგეთმაც.

დღის ამბები