ამ კვირას რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოობიექტები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბომბეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით ნახევარი დაზიანებულია. თავდასხმები იმდენად გაიზარდა, უკრაინელები განადგურებული ენერგოობიექტების აღდგენას ვეღარ ასწრებენ. უკრაინაში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის იძულებითი საავარიო გამორთვის განკარგულება გასცა.
რუსეთისთვის უკრაინული ენერგოობიექტები ახლა მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. პუტინი სარგებლობს ცივი ზამთრით, რომელიც წინაა. რუსეთი ცდილობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განთავსებული ენერგეტიკული ობიექტები დააზიანოს ან გაანადგუროს. კიევში უკვე პირველი თოვლი მოვიდა, ტემპერატურა იკლებს - ეს კი კიდევ უფრო ართულებს უკრაინელების ყოველდღიურობას, ვინაიდან ქვეყანაში დარჩენილები ელექტროენერგიის, წყლის და საკვების დეფიციტს ებრძვიან.
კიევის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის არაერთი ობიექტია, მათ შორის ენერგეტიკული სადგურები. დედაქალაქის და სხვა კიდევ რამდენიმე ოლქის ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა ოქტომბერში განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად. რამდენიმე დღის წინ კი რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა მნიშვნელოვნად. ამის შედეგად ათასობით კილომეტრიანი მაღალი ძაბვის ხაზები მწყობრიდან გამოვიდა.
რუსული ბომბები ჩამოვარდა სუმის, პოლტავის და ხარკოვის ოლქებშიც. ამ შემთხვევაშიც მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. რუსეთის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა დააზიანა ან გაანადგურა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი ქვეყნის აღმოსავლეთშიც. რუსული რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ნაწილმა კი სამიზნეებამდე მიაღწია.
რუსი ოკუპანტების სამიზნე გახდა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ობიექტებიც. მათ შორის დაზიანდა ლვოვის ოლქში მდებარე ენერგო სადგურები. შედეგად მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. თავდასხმა, რომელიც რუსეთმა პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქზე განახორციელა მსხვერპლით დასრულდა. დაიბომბა რივენის და ჟიტომირის ოლქებში მდებარე ენერგო სადგურები.
ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზნით, თავდასხმის სამიზნეა უკრაინის სამხრეთი მიმართულებაც. მათ შორის ოდესა და მიკოლაევი. როგორც რუკაზე ხედავთ, ფაქტობრივად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სადაც კი ენერგოობიექტები მდებარეობს, რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, უკრაინაში ოქტომბრიდან მოქმედებს ელექტრო-ენერგიის მიწოდების გრაფიკი. მძიმე ვითარება სულ 17 რეგიონსა და დედაქალაქშია. სიტუაცია განსაკუთრებით რთულია: კიევის, ოდესის, ვინიცისა და "ტერ-ნოპოლის" რეგიონებში. მძიმე ზამთრის მოლოდინში ქვეყნის პრეზიდენტი დასავლეთს ისევ დახმარებას სთხოვს.