27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ნატოს გზაზე წარმატებისთვის, საქართველოში უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია და ხელისუფლება, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს შესაძლებლობა გამოიყენოს - რასა იუკნევიჩიენე

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტის საბოლოო ვერსია უკვე მიიღეს. დოკუმენტს პლენარულ სესიაზე კენჭს ხვალ უყრიან. ნატოს 68-ე საპარლამენტო ასამბლეას ესწრება ევროპარლამენტის დელეგაციაც.

"რუსეთი რომ მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ბალტიის და ამ რეგიონის ქვეყნებიდან ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის. ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყირიმის ანექსიით 2014 წელს, ბევრი დასავლური ქვეყნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეს კარგად გაეცნობიერებინათ. მაგრამ ახლა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მორიგი აგრესიის შემდეგ ყველა ხედავს, რომ ეს სიმართლეა და უნდა ვიმოქმედოთ უფრო სერიოზულად და ერთიანად. აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც შეგვიძლია ვაჩვენოთ მტკიცე ერთობა განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ ქვეყნებს შორის. უნდა განვამტკიცოთ თავდაცვა და მტკიცე ერთიანი ძალები შევქმნათ. საქართველოს დამატებითი შესაძლებლობები აქვს, ეს ადრეც გვითქვამს - დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობა, შეიარაღებული ძალების მომზადება, საზოგადოების ერთიანობა და ნატო-ში გაწევრიანება – ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. უკრაინელები შეძლებენ გამარჯვებას და ქვეყნების გათავისუფლებას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინის აღდგენას და მივიწვიოთ ალიანსში ჩვენი მეგობრები მეზობელი ქვეყნებიდან,"- აცხადებს ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან რასა იუკნევიჩიენე კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო, რომელმაც რეგიონში არსებული ვითარების ფონზე უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ეს შესაძლებლობა, რასაც ნატო-ში გაწევრიანება ჰქვია, გამოიყენოს:

"ახალი რეალობა ნათელია. მადრიდის სამიტზე წარმოდგენილია ახალი დოკუმენტი, ნატოს ახალი სტრატეგია, რომელშიც რუსეთი მიჩნეულია საფრთხედ, ჩინეთი კი მეტოქე.  ეს იყო გარდამტეხი. ლისაბონის სტრატეგიაში, 2010 წელს, რუსეთი ჯერ კიდევ პარტნიორად ითვლებოდა. 12 წელიწადში კი რუსეთი ოფიციალურად მთავარ საფრთხედ იქცა. ეს ბევრს ნიშნავს. ამიტომ, ნატომ უნდა შეცვალოს სტრატეგია საკუთარ ტერიტორიაზე. გაძლიერდა უსაფრთხოება შავი ზღვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ასევე მნიშვნელოვანია საქართველო, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. ფინეთი და შვედეთი ახლა წევრობასთან ძალიან ახლოს არიან. მათ მსგავსად, ნატოს გზაზე წარმატებისთვის საქართველოშიც უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია და ხელისფულება," - აღნიშნავს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან რასა იუკნევიჩიენე.  

დღის ამბები