27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მე-3 სამუშაო დღეა - რა გზავნილები კეთდება საქართველოს მიმართ

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მე-3 დღე მიმდინარეობს. მუშაობას, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს კომიტეტები განაგრძობენ,  სადაც 15-მდე ანგარიშია მომზადებული.

რეზოლუციებში საქართველოც არის ნახსენები. კერძოდ ის, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს დაიწყო. პარალელურად მუშაობას აგრძელებს ქართული დელეგაციაც, მათ დღის წესრიგში ორმხრივი შეხვედრებია გათვალისწინებული.

"გაიმართება არაერთი კომიტეტის სხდომა, სადაც გამოდი ანგარიშები და რომელშიც მოხსენიებულია საქართველო. ასევე, გამოდის რეზოლუციის პროექტები, სადაც ნახსენებია საქართველოს შესახებ,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

რუმინეთის, თურქეთისა და ესტონეთის დელეგაციამ, საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, მათაც გრძელი და რთული გზა ჰქონდათ ნატო-ში გაწევრიანებამდე, მაგრამ მათივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მათთვის ალიანსის წევრობა. 

"დავარწმუნეთ კოლეგები, რომ პოზიცია არ შეცვლილა და მხარს ვუჭერთ საქართველოს, გახდეს ნატოს წევრი. ამავე დროს, ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის მნიშვნელობის საკითხი. შავი ზღვა არის სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი მსოფლიოსთვის. რუმინეთს 90-იანებში ჰქონდა მისწრაფება, გამხდარიყო ნატოს და ევროკავშირის წევრი. ძალიან გრძელი გზა გავიარეთ ამის მისაღწევად. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს სურვილი და იმედი, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი და მას მომავალში ვიხილავთ კოლეგად,"- აცხადებს რუმინეთის დელეგაციის წევრი ატილა ლასლო.

"ჩვენ ვხვდებით საქართველოს დელეგაციას. ჩვენი შეხვედრები მიმდინარეობს ყველა პლატფორმაზე. მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვდგავართ და გვესმის -  ამას ყველა პლატფორმაზე ვამბობთ. ჩვენი მინისტრები და წარმომადგენლები ესაუბრებიან ნატოს მოკავშირეებს ამ საკითხებზე. საქართველო არის ჩვენი მეზობელი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი უნდა დავუჭიროთ და თურქეთი ამის მტკიცე მხარდამჭერია ყველა პლატფორმაზე,"- აღნიშნავს თურქეთის დელეგაციის წევრი ოსმან ასკინ ბაკი.

"ესტონეთი თქვენს მომავალს, ჩვენს უსაფრთხოების ოჯახში - ნატოში ხედავს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მხარი დაგიჭიროთ, ვაჩვენოთ თქვენი სურვილი საერთაშორისო ფორუმებზე, რომ იყოთ ღირებულებებზე დაფუძნებული არქიტექტურის ნაწილი. დღეს ჩვენ მოწმე ვართ ტერორისტული ომის, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ეს ყველა პარტნიორს ძლიერ სიგნალს უგზავნის თუ რას ნიშნავს უსაფრთხოება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რომ თქვენი განვითარების გეგმები წინ წავა ნატოს წევრობისკენ,"- აცხადებს ესტონეთის დელეგაციის წევრი მატი რაიდმა.

დღის ამბები